აბაშიშვილი: თეა წულუკიანმა მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცესები თარგმნა, როგორც პრეზიდენტის კრიტიკა

თეა წულუკიანმა მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცესები თარგმნა, როგორც პრეზიდენტის კრიტიკა, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რითიც თეა წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურა.
აბაშიშვილის თქმით, პრეზიდენტს მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭება უნდა ხდებოდეს უპრეცედენტოდ გამჭირვალედ და მასში ჩართული უნდა იყოს საზოგადოება. სწორედ ამაზე მიმდინარეობდა ინტენსიური მოლაპარაკებები, მათ შორის იუსტიციის სამინისტროსთან.
„მიმდინარე წლის 1 სექტემბერს დავაფიქსირე პრეზიდენტის ინიციატივა – გაზრდილი მოთხოვნიდან და მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, დახვეწილიყო მიდგომები მოქალაქეობის მინიჭებაზე. პრეზიდენტს მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ საგამონაკლისო წესით, მოქალაქეობის მინიჭება უნდა ხდებოდეს უპრეცედენტოდ გამჭირვალედ და მასში ჩართული უნდა იყოს საზოგადოება. სწორედ ამაზე მიმდინარეობდა ინტენსიური მოლაპარაკებები, მათ შორის იუსტიციის სამინისტროსთან. დღეს გამოჩნდა, რომ მეტი საჯაროობისკენ გადადგმულმა ნაბიჯებმა ცალკეულ პირებს მნიშვნელოვანი დისკომფორტი შეუქმნა. მაშინ, როდესაც პროცესი დასრულებისკენ მიდიოდა, ჩვენ მივიღეთ წერილი იუსტიციის სამინისტროსგან, სადაც საუბარია, რომ ამ საჯაროობისკენ გადადგმული ნაბიჯებით საქართველოს პრეზიდენტი უხეშად არღვევს კანონს და ამის შემდეგ იუსტიციის სააგენტო მოკლებული იქნება ყოველგვარ შესაძლებლობას გავლენა მოეხდინა მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე. საუბარია იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც არის პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება. დღეს იუსტიციის მინისტრმა ეს ყველაფერი გადათარგმნა პრეზიდენტის პოლიტიკურ კრიტიკაში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მოქალაქეობის მინიჭების საკითხი საგამონაკლისო წესით, აუცილებლად გახდება გამჭვირვალე”,- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
​იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა წელს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის მიერ გაცემული დასკვნების უმეტესობა უარყო და არ მიანიჭა მოქალაქეობა საქართველოში დაბადებულ ზოგიერთ ადამიანს. წულუკიანის განცხადებით, რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა გიორგი მარგველაშვილმა, კომისიისთვის უცნობია. იუსტიციის მინისტრმა მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 5-წლიანი ანგარიში წარმოადგინა. წულუკიანმა განმარტა, რომ კომისიამ ინფორმაცია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაასაჯაროვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები