გიორგი მარგველაშვილი ჟან-კრისტოფ ბელიარს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს, პოლიტიკურ დირექტორს ჟან-კრისტოფ ბელიარს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელსაც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ, ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარების, ასევე,  ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის  მომავალი სამიტისათვის მზადების საკითხზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ის ნაბიჯები განიხილეს, რაც საქართველომ  ევროინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად უნდა გადადგას.

,,უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს თანამშრომლობა ევროკავშირთან, მათ შორის სწორედ უსაფრთხოების კუთხით და მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებითაც დაიწყო სტრატეგიული დიალოგი. შეხვედრისას საუბარი შეეხო სწორედ იმ ნაბიჯებს, თუ როგორ შეიძლება, რომ გაძლიერდეს საქართველო საერთო ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში და ევროკავშირის მისია არის  დღეისათვის სწორედ ის ერთადერთი მექანიზმი, რომელიც კონფლიქტის მონიტორინგის პროცესს ახორციელებს.

ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრობლემატიკა განიხილებოდეს საერთო ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის ჰიბრიდულ ომებზე და ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე, ამ შემთხვევაში, საქართველოს სამწუხარო გამოცდილებაც უნდა განიხილებოდეს საერთო ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში”, –  აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები