„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაცია დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით, ჩეხეთში საქმიან შეხვედრებს მართავს

0

„საპარტნიორო ფონდის“ ოფიციალური დელეგაცია, აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით, პრაღაში მთავრობისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს ხვდება.
როგორც “კვირას” ფონდიდან აცნობეს, „საპარტნიორო ფონდის“ დელეგაცია, ვიზიტის ფარგლებში, ბიზნესისა და ინვესტიციების განვითარების სააგენტოს „ჩეხინვესტის“ ხელმძღვანელს კარელ კუჩერას და სააგენტოს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორს თომაშ ვავრესკას შეხვდა.
პრაღაში გამართულ შეხვედრას ჩეხეთის ბიზნესწრეების წარმომადგენლები და პოტენციური ინვესტორები ესწრებოდნენ.
„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაციამ ჩეხეთის ბიზნესისა და ინვესტიციების განვითარების სააგენტოს ფონდის საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თავის მხრივ, „ჩეხინვესტის“ მენეჯმენტმა ქართულ დელეგაციას სააგენტოს მუშაობის პრინციპები გააცნო. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ქართულ-ჩეხური ბიზნეს ფორუმის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს და ერთობლივი ღონისძიებები დაგეგმეს. ჩეხი ინვესტორები საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობებით დაინტერესდნენ.
ჩეხეთის ბიზნესისა და საინვესტიციო განვითარების სააგენტო „ჩეხისნვესტი“, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სააგენტოა, რომელიც 1992 წელს დაფუძნდა. სააგენტო უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და ადგილობრივი კომპანიების განვითარებას უწყობს ხელს.
ქართულ დელეგაციას ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატში უმასპინძლეს. შეხვედრები გაიმართა ჩეხეთის ჯანდაცვის, სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის მოადგილესა და აგრარული განვითარების კომიტეტის წევრ პროფესორ იან ზალოდიკთან, აგრეთვე, პარლამენტის სენატორებთან. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ იმსჯელეს.
„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაცია ჩეხეთის რესპუბლიკაში საქმიან შეხვედრებს განაგრძობს. დაგეგმილია ვიზიტი ქალაქ ბრნოში, სადაც ქართული დელეგაციის წევრები მაზარუკის მემორიალურ კიბოს ინსტიტუტს, საუნივერსტეტო კლინიკასა და სამედიცინო ფაკულტეტს დაათვალიერებენ. გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი „საპარტნიორო ფონდს“, მაზარუკის მემორიალურ კიბოს ინსტიტუტსა და უნივერსალურ სამედიცინო ცენტრს (ყოფილ ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრს) შორის. მემორანდუმის მიზანია ჯანდაცვის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება და გაძლიერება.
„საპარტნიორო ფონდის“ კუთვნილებაშია სამი მსხვილი კლინიკა: ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი და თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო. „საპარტნიორო ფონდი“ მათი განვითარებისა და ულტრატანამედროვე სტანდარტების სამედიცინო დაწესებულებებად გადაქცევის მიზნით, მოლაპარაკებებს პოტენციურ ინვესტორებთან მართავს.
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა, ფონდის შვილობილი – „კლინიკების განვითარების კომპანიის“ დირექტორი თეა გიორგაძე და უნივერსალური სამედიცინო ცენტრის დირექტორი რემა ღვამიჩავა. დელეგაცია ჩეხეთში ქვეყნის პარლამენტის სენატის, ჯანდაცვის, სოციალურ საკითხთა და აგრარული კომიტეტების მიწვევით იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი