გრიგოლ ლილუაშვილი „რეგიონის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელს შეხვდა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია „რეგიონის განვითარების ცენტრის” დირექტორთან, ლიზა სოფრომაძესთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მთავარ თემას პროექტის „თვითმმართველობის ინსტიტუციური ცვლილების შეფასება” მიმდინარეობის საკითხების გაცნობა წარმოადგენდა.

მხარეებმა მუნიციპალიტეტებში განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრეს და რეფორმის შედეგად მიღებული ინსტიტუციური ცვლილებები შეაფასეს. კერძოდ, თუ რა ზეგავლენა მოახდინა მერების/გამგებლებისა და საკრებულოს ურთიერთობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, ასევე თუ როგორ დაბალანსდა მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერს/გამგებელს შორის ძალთა თანაფარდობა.

„არჩევითობით გაიზარდა გამგებლის დამოუკიდებლობის ხარისხი, მოსახლეობას აქვს უფლება მეტი მოსთხოვოს მის მიერ არჩეულ პირს და აიძულოს იყოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის დაკვეთის შემსრულებელი”, – აღნიშნა გრიგოლ ლილუაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ სტუმარს მის მიერ მომზადებული ახალი საკანონმდებლო ინიციატივაც გააცნო, რომელიც საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” ცვლილებების გატარებას ითვალისწინებს.

ცვლილების მიზანს კი მუნიციპალიტეტში მმართველი საბჭოს შექმნა, მისთვის აღმასრულებელი საქმიანობის სფეროში ფართო სპექტრის მინიჭება და პასუხისმგებლობების გადანაწილება წარმოადგენს. გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, ცვლილებებით გადაწყვეტილებების მიღების პროცესი უფრო გამჭირვალე გახდება და იგი მუნიციპალიტეტის ორგანოების ეფექტიან მუშაობას შეუწყობს ხელს.

მხარეებმა უფრო ახლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს და შეთანხმდნენ რომ, რეფორმის ეფექტური გაგრძელების მიზნით „რეგიონის განვითარების ცენტრი” კვლევის შედეგებზე დაყრდნობით რეკომენდაციებს მოამზადებს და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს წარუდგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები