იოსებ მანჯავიძე: პარლამენტარობა ამ ქვეყანაში ინდულგენცია ნამდვილად არ არის

დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი იოსებ მანჯავიძე საკრებულოს შენობასთან განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ საკრებულოს სხდომის ჩაშლის უფლება არც ერთ პარლამენტარს აქვს.

„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით პარლამენტის წევრის უფლებამოსილებები, თუმცა, ვიცით ისიც, რომ პარლამენტარობა ამ ქვეყანაში ინდულგენცია ნამდვილად არ არის. ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განაყოფები სწორედ სხდომის ჩაშლას აპირებენ, 29 სექტემბერს უკვე დამტკიცდა და ამას ისინი დღესაც ღიად აანონსებენ. აქედან გამომდინარე ზომები, რომლებიც ამ ქმედების თავიდან ასაცილებლად იქნა მიღებული, ყოვლად მართებულია.

საზოგადოებამ მცირე ხნის წინ მერიასთან და საკრებულოში ბარბაროსული დამოკიდებულება, დაცვის თანამშრომლების შეურაცხყოფა და სახელმწიფო ქონების განადგურება იხილა. ეს პოლიტიკური ძალა ვერაფრით ვერ განიკურნა იმ დესტრუქციული ქმედებებისგან, რომელიც მას ყოველთვის ახასიათებდა.

როგორც ხელისუფლებაში ყოფნისას იყვნენ ისინი ტერორისა და ავტორიტარიზმის მიმდევრები, ისეთები დარჩნენ ოპოზიციაში ყოფნისას. სამწუხაროდ, ,,არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა“, – განაცხადა იოსებ მანჯავიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები