პროკურატურის ორგანიზებით, თსუ-ში გამოძიების მეთოდოლოგიის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს მთავარი პროკურატურის ორგანიზებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოძიების მეთოდოლოგიის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე, რომელსაც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ- მასწავლებლები ესწრებოდნენ, მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებმა სახელმძღვანელოს მნიშვნელობაზე, მისი შექმნის საჭიროებაზე ისაუბრეს და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას რამდენიმე ეგზემპლარი გადასცეს. წიგნები ლექტორებს და სტუდენტებსაც საჩუქრად გადაეცათ.
პროკურატურის ინფორმაციით, სახელმძღვანელო, რომელშიც გაწერილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების ჩატარების პროცედურები და მეთოდოლოგია, საქართველოს პროკურატურის ინიციატივით, პროკურორებისა და შს სამინისტროს გამომძიებლებისგან შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მოამზადა. მისი შემუშავებისას ევროკავშირის სისხლის სამართლის მხარდაჭერის პროექტის ექსპერტების მიერ მომზადებული მოსაზრებები და რეკომენდაციები გაითვალისწინეს.
სახელმძღვანელო გამომძიებლების გადამზადების სასწავლო მოდულებში აქტიურად დაინერგება​, რადგან მასში პრაქტიკული ინსტრუქციებია მოცემული და მის საფუძველზე გადამზადებული გამომძიებლები უფრო ეფექტურად შეძლებენ ამა თუ იმ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარებას და პროცესში მონაწილეთა ინტერესების დაცვასა და გათვალისწინებას. საქართველოს მთავარი პროკურატურა გამოძიების მეთოდოლოგიის სახელმძღვანელოს პრეზენტაციას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები