ირაკლი კობახიძე: სხდომის არ დანიშვნა არის კონსტიტუციასთან შეუსაბამო და პარლამენტის მიმართ უპატივცემულობის გამოხატულება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, პრეზიდენტის მიერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის არ დანიშვნა კონსტიტუციას არ შეესაბამება და ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„რაც შეეხება არ დანიშვნას, ეს მოსალოდნელი იყო. ჩვენ გვაქვს უკვე ამის პრეცედენტი. პირველი პრეცედენტი შექმნა გიორგი მარგველაშვილმა, რომ ის არ ნიშნავს პარლამენტის რიგგარეშე სხდომას, რაც კონსტიტუციასთან არ არის შესაბამისობაში – ესეც შემიძლია, გითხრათ. კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომას ნიშნავს პარლამენტის მოთხოვნით და მთავრობის წარდგინებით. წარდგინებასა და მოთხოვნას შორის ზუსტად ის განსხვავებაა, რომ ერთ შემთხვევაში, დისკრეცია აქვს პრეზიდენტს, მეორე შემთხვევაში, როცა პარლამენტის მოთხოვნაზეა საუბარი, იქ პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს რიგგარეშე სხდომა. შესაბამისად, სხდომის არ დანიშვნა არის კონსტიტუციასთან შეუსაბამო და ბუნებრივია, ეს ასევე არის პარლამენტის მიმართ უპატივცემულობის გამოხატულება. როცა პარლამენტი მოითხოვს რიგგარეშე სხდომის დანიშვნას, პრეზიდენტმა ეს სხდომა უნდა დანიშნოს. თუმცა, ამას მიჩვეული ვართ”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები