პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადიციის შუამდგომლობით უკრაინას მიმართა

საქართველოს პროკურატურამ, 2017 წლის 1 სექტემბერს უკრაინის იუსტიციის სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობით კიდევ ერთხელ მიმართა – ამის შესახებ ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მაშინ, როდესაც ძებნილი პირის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე იმყოფება გამოძიების სტადიაზე, უკრაინული კანონმდებლობის თანახმად ექსტრადიციის საკითხის განმხილველი ორგანოა უკრაინის გენერალური პროკურატურა, ხოლო როდესაც ძებნილი პირის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმე იმყოფება სასამართლო განხილვის ეტაპზე, ექსტრადიციის საკითხს განიხილავს იუსტიციის სამინისტრო. აღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან მიხეილ სააკაშვილის მიმართ არსებული ბრალდების ყველა საქმე იმყოფება სასამართლო განხილვის სტადიაზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მისი დაკავებისა და ექსტრადიციის შუამდგომლობა გააგზავნა უკრაინის იუსტიციის სამინისტროში.
ამჟამად მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი სამართლებრივი პროცედურა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ბრალდებულია სისხლის სამართლის ოთხ საქმეში, კერძოდ:
1. სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით (ალექსანდრე გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ პირთა შეწყალების საქმე);
2. 2007 წლის 07 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევის, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრისა და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და 333-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით (ე.წ. ,,7 ნოემბრისა და ტელეკომპანია ,,იმედის“ დარბევის საქმე)
3. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, ჩადენილი ძალადობით და იარაღის გამოყენებით, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; ასევე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებისთვის (სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის და რომელმაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 25,117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმე).
4. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით (8 837 461 ლარის) საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯების საქმე).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები