კანონიერი ქურდობისათვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა კანონიერი ქურდობისათვის ბრალდებულ გ.მ.–ს მიმართ დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.
როგორც „კვირას“ თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, წარდგენილი ბრალდების თანახმად, ბრალდებული 1980 წლებში აღიარებულ იქნა კანონიერ ქურდად. იგი ცნობს და აღიარებს ქურდულ სამყაროს, ეთანხმება მის მიზნებს და თავისი ცხოვრების წესით, საჯაროდ გამოხატავს ქურდული სამყაროს მხარდაჭერას, ასევე, ქურდული სამყაროს მიზნების განხორციელებისა და სპეციალური წესების შემუშავებაში, ქურდული სამყაროსათვის სარგებლის მიღების მიზნით, მონაწილეობს ქურდულ გარჩევებში და ყოველდღიური ურთიერთობა აქვს ქურდული სამყაროს წევრებთან.
აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ ბრალდებულს ბრალად ედება მძიმე, ორგანიზებული კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც სასჯელის სახით, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 10 წლამდე ვადით. ბრალდებულის მიმალვის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მართლმსაჯულების განხორციელებისა და მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელშეშლის საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.
მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2017 წლის 25 სექტემბერს 14:30 საათზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები