ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი: ადვოკატების დასკვნითი სიტყვები არ ეყრდნობოდა არანაირ მტკიცებულებებს

ადვოკატები კარგად ხვდებიან, რომ ბრალდება დასტურდება, თუმცა საჯაროდ ქმნიან მოლოდინს, რომ ბრალდებული შეიძლება გამართლდეს – ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ადვოკატების დასკვნითი სიტყვის შეფასებისას განაცხადა.
მისი შეფასებით, ადვოკატების მრავალსაათიანი გამოსვლა იყო მცდელობა, რომ ბრალდებული წარმოაჩინონ მსხვერპლად.
„ადვოკატთა მრავალსაათიანი გამოსვლა, დასკვნითი სიტყვები საკმაოდ ვრცელი იყო, თუმცა გამოსვლა დაიყვანეს ერთ უაზრო ვერსიამდე, რასაც ჰქვია ე.წ. ოქრომჭედლის ვერსია. მთელი მათი გამოსვლა იყო მცდელობა იმის, რომ ბრალდებული თითქოსდა, შორენა თეთრუაშვილის თხოვნით ოქრომჭედლისთვის ეძებდა ციანიდს და ამაში უნდათ დაარწმუნონ მოსამართლე. ისინი კარგად ხვდებიან, რომ ბრალდება დასტურდება, თუმცა საჯაროდ ქმნიან მოლოდინს, რომ ბრალდებული შეიძლება გამართლდეს. ბუნებრივია, ეს მოსალოდნელიც იყო, თუმცა, მათი დასკვნითი სიტყვები არ ეყრდნობოდა არანაირ მტკიცებულებებს და არგუმენტებს. მათ მხოლოდ ერთი მოწმე ჰყავდათ, როცა ჩვენ ასზე მეტი მოწმე დავკითხეთ. ისინი მხოლოდ ერთ დისკრედიტირებულ ირაკლი ფირცხალავას ჩვენებას ეყრდნობიან. ბრალდება არის დადასტურებული და უტყუარი მტკიცებულებების ფონზე ჩვენ ველოდებით გამამტყუნებელ განაჩენს“, – განაცხადა პროკურორმა.
ე.წ. ციანიდის საქმეზე დაცვის მხარის ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს.
ადვოკატები აცხადებენ, რომ დეკანოზს ციანიდი ჩაუდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები