საქართველოს პროკურატურამ თაღლითობის ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების მიერ, დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე დაკავებული იქნა ორი მოქალაქე.-ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ლ.ძ.-მ კერძო არქიტექტორ ვ.მ-სთან შეთანხმებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, განიზრახეს და მოქალაქე ი.ი.-ს შესთავაზეს, რომ ისინი შეძლებდნენ ქ. თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე მდებარე ოთხ სხვადასხვა მიწის ნაკვეთზე „განაშენიანების რეგულირების გეგმის“ შეთანხმებას, რისთვისაც ი.ი.-ს ვითომდა მერიის თანამშრომლებისთვის გადასაცემად ჯამში მოსთხოვეს 38 000 აშშ დოლარი, რაც ი.ი-ს მიერ სხვადასხვა დროს ეტაპობრივად იქნა გადაცემული ლ.ძ -სა და ვ.მ.-სთვის. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილი იქნა, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების განზრახვით და აღნიშნული თანხა მოიხმარეს პირადი მიზნებისთვის. ორივე მათგანი 2017 წლის 30 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულ იქნენ ბრალდებულის სახით.
2017 წლის 31 აგვისტოს ლ.ძ-სა და ვ.მ.-ს ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180 -ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქმეზე გრძელდება გამოძიება სსკ-ის 19,180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები