არასრულწლოვანს 3 პირის დაჭრასა და მეგობრის მკვლელობისთვის 6 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, არასრულწლოვანს 3 პირის დაჭრასა და მეგობრის მკვლელობისთვის 6 წლით პატიმრობა მიესაჯა, – აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა გაუფრთხილებლობით ჩადენილი სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე, არასრულწლოვანი ბრალდებულის ლ.შ.-ს მიმართ.
ლ.შ.-ს ბრალად ედებოდა გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
წარდგენილი ბრალდების თანახმად, ბრალდებულმა საკუთარი დანით, განზრახ მოკვლის მიზნით სამ ახალგაზრდას ნაკვეთი ჭრილობები მიაყენა სახის, გულმკერდისა და მხრის არეში; ასევე ბრალდებულმა, შეცდომით, გაუფრთხილებლობით, დანით გულმკერდის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა მისივე მეგობარს, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა. საქმე ეხება, 2016 წლის 29 სექტემბერს, ქ. თბილისში, რუსთავის გზატკეცილზე არასრულწლოვანთა სიტყვიერ შელაპარაკებას, რომელიც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ სისხლის სამართლის საქმე დახურულ სასამართლო სხდომებზე განიხილა. ბრალდებულმა თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ. შ.-ს მიერ ჩადენილია არა განზრახ მკვლელობის მცდელობა, დამამძიმებელ გარემოებებში, არამედ, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობა, სამი პირის მიმართ.
სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით არასრულწლოვანი ცნობილი იქნა დამნაშავედ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობაში, სამი პირის მიმართ. ბრალდებულს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთა მიერ, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები