სასამართლო ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუმდგომლობა განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულ მიხეილ ი.-ს მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების თაობაზე.
საქმე ეხება, 2017 წლის 16 აგვისტოს, ქ. თბილისში ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას, რა დროსაც ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, ი.ძ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან ზურგში სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სასამართლომ მხარეთა განმარტებების მოსმენის, წარმოდგენილი მასალების, შუამდგომლობის დასაბუთებულობის შესწავლისა და შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები. კერძოდ, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულს ბრალად ედება სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა. სასამართლომ გაითვალისწინა ქმედების სპეციფიკა, გარემოებები, დამდგარი მძიმე შედეგი, ასევე, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებისათვის ხელშეშლის საფრთხეები და მიხეილ ი.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.
მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 5 ოქტომბერს 12:00 გაიმართება.
აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 48 საათში სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.“ – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები