გენერალ-ლეიტენანტმა ფრედერიკ ბენ ჰოჯესმა „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნა მოინახულა

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის მიმდინარეობას პირადად გაეცნო. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვაზიანის პოლიგონზე სასწავლო პროცესის მონახულებამდე, გენერალ-ლეიტენანტ ფრედერიკ ბენ ჰოჯესს მრავალეროვნული სწვალების შტაბში გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ და სახმელეთო სწავლების ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა შავლეგო ტაბატაძემ უმასპინძლეს. ამერიკელ გენერალს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე პოლკოვნიკმა შავლეგო ტაბატაძემ სწავლების გეგმა წარუდგინა და ქვედანაყოფების ჩართულობის, მათი როლის, გამოყენებული ტექნიკის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მოგვიანებით, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა საწვრთნელი ველები დაათვალიერა და ყველა მონაწილე ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრა. მან სწავლების მიმდინარეობა დადებითად შეაფასა. გენერალ-ლეიტენანტი ფრედერიკ ბენ ჰოჯესი საქართველოს სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის ფარგლებში ჩამოვიდა. საქართველო ბოლო ქვეყანაა, სადაც ამერიკელი გენერალი ევროპაში აშშ-ის არმიის სარდლის რანგში ვიზიტს ახორციელებს. სტუმარს თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი უკვე შეხვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები