გიორგი ლომია წამების ბრალდებაზე: არ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, რომ ადამიანი გაიტაცო და შეეშინდეს
“პოლიციაში წასვლის დღეს, ყველა დაკავებულია იმით, რომ მიიქციოს ყურადღება და სხვის ხარჯზე გაიკეთოს პიარი. რაც შეეხება ამ განცხადებას, ჩვენ შევიტანთ სარჩელს სასამართლოში ცილისწამებისთვის”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში ,,პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ლომიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „პატრიოტთა ალიანსის“ ანალიტიკური სამსახურის ყოფილი უფროსის, ირაკლი ლატარიას ბრალდებას, წამებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, არსებობს ეჭვები, რომ ირაკლი ლატარიას მიერ გაკეთებული განცხადება ვიღაცის მიერ მართული პროცესია.
„როდესაც ასეთ განცხადებას ავრცელებს, მოტივი ხომ უნდა არსებობდეს? ახლა მე ვგავარ არაადეკვატურ ადამიანს, რომელიც გაიტაცებს, აწამებს არაფერს არ სთხოვს და უბრალოდ, ტკბება ამ პროცესით? ის ჩვენთან მუშაობდა. ვიდრე პარლამენტში მოვხვდებოდი, ჩვენს პარტიაში მე ვხელმძღვანელობდი უსაფრთხოების ნაწილს. ლატარია ჩვენთან მოვიდა 2015 წელს და მას ჩავაბარეთ ანალიტიკური სამსახური. დამთავრდა მისი პროექტი და შეუწყდა კონტრაქტიც. ჩვენ დავემშვიდობეთ მასაც და მის ჯგუფსაც. რა თქმა უნდა, უთანხმოება იყო მისი და მისი ჯგუფის მხრიდან, მაგრამ ჩემი მხრიდან ადამიანის გატაცების მიზეზი ეს არ იქნებოდა. გარკვეული ეჭვები გვაქვს, რომ მართული პროცესია. უბრალოდ, ვცდილობთ დავადგინოთ, თუ ვის მიერაა მართული. მე ვერ ვიტყვი, რომ მთლად „ზემოდან“ გაიცა ბრძანება, რათა კიდევ ერთი შავი პიარი აგვიგორონ ლატარიას სახით. კონკრეტულ პირებზე ჯერ ვერ ვსაუბრობთ. გვაქვს ერთ-ერთი ვერსია, რომ ეს პროცესი მართულია. ჩვენ ლატარიასთან ძალიან ბევრი შეკითხვა გვქონდა, შინაგან საქმეთა სამინისტროშიც კი იყო საქმე და სამართალდამცველები იძიებდნენ მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, რადგან ეს არის ანალიტიკური სამსახური და ძალიან დიდი ოდენობით საბუთები და ინფორმაცია გავიდა პარტიიდან. თუ მას ეშინოდა 9 თვის წინ, როდესაც მე არ ვიყავი პარლამენტარი და არ ჰქონდა სამართალდამცველების იმედი, მაშინ დღეს რისი იმედი აქვს? თუ მე ისეთი საშიში ვიყავი მაშინ, რომ შემეძლო ეს გამეკეთებინა, დღეს რატომ არ ეშინია, 9 თვის შემდეგ, განცხადების გაკეთება?” – განაცხადა ლომიამ.
მისივე თქმით, ისეთ ქვეყანაში არ ვცხოვრობთ, რომ ადამიანი გაიტაცო და მას შეეშინდეს პოლიციაში წასვლის. „ჩვენი ვიზიტი რუსეთის ფედერაციაში, უთანხმოება ხელისუფლებასთან, გარკვეულწილად, მეტყველებს იმაზე, რომ დღეს გამოცოცხლდნენ ის ძალები, რომელსაც მართავს ხელისუფლება, მაგრამ ასეთი ბინძური კამპანია ხვალ და ზეგ დამთავრდება. ვგავარ არაადეკვატურ ადამიანს, რომ გავიტაცო ვინმე მიზეზების გარეშე? არ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, რომ ადამიანი გაიტაცო და შეეშინდეს პოლიციაში წასვლის. აღარ არის 90-იანი წლები”, – განაცხადა გიორგი ლომიამ.
შეგახსენებთ, რომ ”პატრიოტთა ალიანსის” ანალიტიკური სამსახურის ყოფილი უფროსი ირაკლი ლატარია ფრაქციის თავმჯდომარეს, გიორგი ლომიას მოტყუებით გატაცებაში, ცემაში, მუქარასა და წამებაში ადანაშაულებს.