სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის ჩადენაში, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ო.მ. დამნაშავედ ცნო და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 2 მარტს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ.თბილისში, ურბნისის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ო.მ.- ს პირადი უთანხმოების მოტივით, ურთიერთშელაპარაკება მოუხდა დ.კ.-სთან, რა დროსაც დ.კ.- მ მას სცემა. აღნიშნულით განაწყენებული ო.მ. შემთხვევის ადგილიდან გაიქცა, სახლიდან დანა აიღო და შურისძიების მოტივით, დ.კ.-ს განზრახ მოკვლის მიზნით, უკან დაბრუნდა, რა დროსაც ამ უკანასკნელს დანით გულმკერდის, მუცლის, ზურგისა და ყელის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, დ.კ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ო.მ. 3 მარტს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ო.მ. სრულად  ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები