გიორგი მღებრიშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრს შეხვდა (ვიდეო)

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრს, დავიდ ტონიანს შეხვდა.
გიორგი მღებრიშვილმა სტუმარს საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში მიმდინარე რეფორმა გააცნო და აღნიშნა, რომ ქართული მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამოქალაქო თავდაცვას, როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო დონეზე. შესაბამისად, შს სამინისტრო დიდ ყურადღებას უთმობს საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროს განვითარებას, სამართლებრივი და ინსტიტუციონალური ჩარჩოების დაცვით, ასევე, საუკეთესო უცხოური გამოცდილების გაზიარებას და თანამშრომლების ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლებას, სამაშველო ოპერაციების მიმართულებით.
შეხვედრაზე შს მინისტრმა კატასტროფებზე მზადყოფნის, რეაგირებისა და პრევენციის კუთხით სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების მიზნით დაგეგმილ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უნიფიკაციის, სტანდარტიზაციისა და მოდერნიზაციის 5-წლიან პროგრამაზე ისაუბრა. როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, შსს-ში უკვე შექმნილია უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ადგილობრივი და ევროკავშირის ექსპერტების დახმარებით, აღნიშნულ პროგრამას შეიმუშავებს.
შს მინისტრმა დავიდ ტონიანს უწყებაში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებიც გააცნო, მათ შორის, შსს-ს მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, რომელიც საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის, დანაშაულზე ოპერატიულად რეაგირების და გამოძიების ხარისხის გაზრდას უზრუნველყოფს.
გიორგი მღებრიშვილმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა შსს-ს აკადემიის საერთაშორისო ტრენინგპროექტზეც, რომლის ფარგლებშიც, რეგიონისა და მეზობელი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან სხვადასხვა სტრატეგიულ საკითხზე ერთობლივი სწავლებები განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები