თეა გოგოლაძე: სეისმოლოგიური უსაფრთხოების კუთხით, ბევრი სამშენებლო კომპანია არ ითვალისწინებს უსაფრთხოების ნორმებს

“საჭიროა ქვეყანაში პერიოდულად ხდებოდეს საკანონმდებლო ბაზის გადახალისება სეისმოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე დედამიწის შემსწავლელი კომისიის დირექტორმა, თეა გოგოლაძემ განაცხადა.
თეა გოგოლაძის ინფორმაციით, ყოველ 5 წელიწადში სჭიროა იმ რუკების განახლება, რომლითაც სამშენებლო კომპანიებმა უნდა იხელმძღვანელონ. როგორც გოგოლაძე აღნიშნავს, ბევრი კომპანია, მშენებლობის დროს, არ ითვალისწინებს უსაფრთხოების ნორმებს სეისმოლოგიის კუთხით.
„სამწუხაროდ, ჩვენ ვართ საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეები. საჭიროა საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება მშენებლობის კუთხით. ამ მხრივ, უნდა მოხდეს სამშენებლო ნორმების გადახალისება. საჭიროა კომპანიების სერტიფიცირება. განვითარებულ ქვეყნებში არის მუდმივმოქმედი კომისიების, ეს არის რამდენიმე გამოცდილი მეცნიერების ერთობლიობა და ეს კომისია ყოველწლიურად მუშაობს მსგავსი საკითხების რეგულაციისთვის. ჩვენ ვერ დავხატავთ აპოკალიფსურ სურათს, მაგრამ გვაქვს პრობლემური უბნები, სადაც არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები. ასეთია, მაგალითად, წყნეთის ქუჩაზე. სამწუხაროდ, სამშენებლო კომპანიების დიდი ნაწილი არ ითვალისწინებს სეისმურ მდგრადობას მშენებლობის დროს“,-განაცხადა თეა გოგოლაძემ.
თეა გოგოლაძის ინფორმაციით, ქვეყანაში არ არსებობს სტატისტიკა, რომელი კორპუსია სეისმოლოგიური კუთხით უსაფრთხო. როგორც გოგოლაძე აღნიშნავს, ამ ეტაპზე, მოსახლეობის მხრიდან განგაშის სიგნალი არ იგრძნობა, თუმცა მისივე ინფორმაციით, ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა არ არსებობს.
„ჩვენი სამუშაო ჯგუფის მიზანია, ეს რეალობა საქართველოში შევცვალოთ. ჩვენ გვაქვს პროექტი, რომლის საშუალებითაც სეისმოლოგიური მშენებლობის კუთხით, შევცვალოთ მდგომარეობა. ამ პროცესში ჩართულია მსოფლიო ბანკიც. მსოფლიო ამ საკითხით დაინტერესებულია, რადგან ის ინვესტიცია, რასაც მსოფლიო დებს ჩვენთან, არ უნდა აღმოჩნდეს საფრთხის ქვეშ“, – განაცხადა თეა გოგოლაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები