ირაკლი ჩხვირკია: ღოღობერიძისთვის პირდაპირ ეთერში შეურაცხყოფაც მიმიყენებია, მასთან ერთად როგორ დავგეგმავდი აქციას ?!

ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დღევანდელ პროცესზე ბრალდებული ირაკლი ჩხვირკია დაიკითხა. როგორც მან განაცხადა, იმ დღეს ბათუმში სპონტანურად იყო ჩასული, თუმცა აქციაზე ნამდვილად იმყოფებოდა. ჩხვირკიას თქმით, ღოღობერიძესთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა, ამიტომ ერთად აქციის ორგანიზებას ვერ შეძლებდნენ.

“თუ საქმეს კარგად იცნობთ, ბატონო პროკურორო, და ალბათ კადრებიც ნახეთ, თუ სადმე ჩანს ჩემი მხრიდან აქციაზე ან მოქალაქეს ან სახელწიფოს ზიანი მიადგა, მე გავჩუმდები. არსად ეს არ ჩანს. ბატონო მოსამართლევ, მე ბათუმში დილით ჩამოვედი პირად საქმეზე, სპონტანურად. ვიყავი აქციაზე, ვიცი კანონები. არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დამნაშავეებთან კომუნიკაციას დაადასტურებს. მერაბ ღოღობერიძესთან ერთად მაქვს ბრალი წარდგენილი აქციის ორგანიზებაზე, დედას გეფიცებით, მე მას პიროვნულად ვერ ვიტანდი და პირდაპირ ეთერში მისთვის შეურაცხყოფაც მიმიყენებია, როგორ წარმოგიდგენიათ, მე მასთან რაიმეს ორგანიზებას დავგეგმავდი? 240 მოწმეს ერთი და იგივე ჩვენება აქვს მიცემული”, – აცხადებს ირაკლი ჩხვირკია.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძის სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. დაკავებულებს ბრალი ორი მუხლით აქვთ წარდგენილი – „სისხლის სამართლის კოდექსის“ 225 – ე მუხლით, რაც მასობრივ არეულობას გულისხმობს და 353-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელზე თუ ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები