ყოფილი ხელისუფლების მიერ ბანკირის გატაცებაში ბრალდებულები სააპელაციო სასამართლომ გაამართლა

გენერალი გიორგი ვაშაკიძე და მასთან ერთად, 2004 წელს დაკავებული პირები გამართლდნენ. ადვოკატ გია დარჩიას განცხადებით, გიორგი ვაშაკიძე თანმხლებ პირებთან ერთად, დაკავებული იქნა 2004 წლის 10 იანვარს და მათ ბრალად დაედოთ 2003 წლის ნოემბერში გაერთიანებული ქართული ბანკის ერთ- ერთი დამფუძნებლის, თამაზ მაღლაკელიძის გატაცება, მაღლაკელიძის ოჯახიდან თანხის გამოძალვის მიზნით. გია დარჩიას თქმით, დაკავებულები დაკავების დღიდან არ აღიარებდნენ ბრალს და საქმეში არსებულ უამრავ დარღვევაზე მიუთითებდნენ.
„2017 წლის 11 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ (მოსამართლეებმა: გერონტი კახეთელიძემ, კახაბერ მაჭავარიანმა და მაია თეთრაულმა) მიიღო მართლაც პრეცედენტული გამამართლებელი განაჩენი, რომლითაც გენერალი გიორგი ვაშაკიძე და მასთან ერთად დაკავებული ელდარ გოგბერაშვილი და ბენიამინ სანებლიძე უდანაშაულოდ ცნო ყველა წარდგენილ ბრალდებაში. შეგახსენებთ, რომ გენერალი გიორგი ვაშაკიძე თანმხლებ პირებთან ერთად, დაკავებული იქნა 2004 წლის 10 იანვარს და მათ ბრალად დაედოთ 2003 წლის ნოემბერში გაერთიანებული ქართული ბანკის ერთ- ერთი დამფუძნებლის, თამაზ მაღლაკელიძის გატაცება, მაღლაკელიძის ოჯახიდან თანხის გამოძალვის მიზნით. გიორგი ვაშაკიძისა და თანმხლები პირების დაკავება მაშინდელი „ვარდების რევოლუციით“ მოსული ხელისუფლების მიერ მაშინვე შეფასდა, როგორც უპრეცენდენტოდ წარმატებული სპეცოპერაცია. მოცემულ საქმეზე განცხადება გააკეთა მიხეილ სააკაშვილმაც და გიორგი ვაშაკიძეს კრიმინალური სინდიკატის წევრი და ბანდიტი უწოდა, მან მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრს გაწეული სამსახურისთვის.
დაკავებულები დაკავების დღიდან არ აღიარებდნენ ბრალს და მიუთითებდნენ საქმეში არსებულ უამრავ დარღვევაზე, რომ საქმეში არ არსებობდა არცერთი მტკიცებულება, რაც მათ მიერ დანაშაულის ჩადენას დაადასტურებდა, ასევე, მიუთითებდნენ დაკავების შემდგომ, მათი გატაცების თაობაზე საბურთალოს სასაფლაოზე, სადაც მათ წამებას (დახვრეტის იმიტაციას და სხვა.) ესწრებოდნენ მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გია ბარამიძე. დაკავებულების ასევე მიუთითებდნენ დროებითი მოთავსების იზოლატორში მათ წამებაზე, რაც ასევე იქნა დადასტურებული დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნით. თუმცა დაკავებულთა ეს განცხადებები და მტკიცებულებები, რომლებიც მათ უდანაშაულობაზე მიუთითებდნენ, რეაგირების გარეშე რჩებოდა მაშინდელი ხელისუფლების მიერ. აღსანიშნავია, რომ მოცემულ საქმეზე დაზარალებულად ცნობილი თამაზ მაღლაკელიძეც არ იზიარებდა ბოლომდე დაკავებულთა მიერ მისი გატაცების ვერსიას და თავადვე, საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებში აცხადებდა, რომ დამკავებლებს მისი დაკავების დღიდან აბსოლუტურად სხვა მოთხოვნები ჰქონდათ და არა ფულადი გამოსასყიდის მოთხოვნა, როგორც ამას გამოძიება აცხადებდა.
მაღლაკელიძე აცხადებდა, რომ დამკავებლებს აინტერესებდათ „ვარდების რევოლუციით“ შეცვლილი ხელისუფლების ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების კუთვნილი საბანკო ანგარიშები და ეჭვი შეჰქონდა, ხომ არ ერია მის გატაცებაში ხელისუფლების ხელი.
მოცემულ საქმეზე ადგილობრივი სასამართლოები ორწელიწადნახევარი აწარმოებდნენ განხილვას და საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არ მოიპოვებოდა არცერთი მტკიცებულება, რაც დაკავებულთა ბრალეულობას დაადასტურებდა, ადგილობრივმა სასამართლოებმა ვერ გაუძლეს მოცემულ საქმეზე არსებულ მაღალ სახელისუფლებო წნეხს და საბოლოოდ, დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. გამამტყუნებელი განაჩენი დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებული იქნა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რომლის მიერაც მოცემულ საქმეზე დადგენილი იქნა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, გადასინჯული იქნა 2006 წლის 25 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც გაუქმებული იქნა 2017 წლის 11 ივლისის განაჩენით და მის ნაცვლად, დადგა გამამართლებელი განაჩენი.
ეს არის პირველი შემთხვევა ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში, როდესაც დაცვის მხარის მოთხოვნის საფუძველზე იქნა გადახედილი და გაუქმებული გამამტყუნებელი განაჩენი სასამართლოს მიერ. დაკავებულებმა მართალია ბოლომდე მოიხადეს განაჩენით განსაზღვრული 9 წელი, მაგრამ საბოლოოდ, მათ მიერ მაინც იქნა დამტკიცებული ის ფაქტი, რომ მათ მიმართ წაყენებულ ბრალდებები იყო დაუსაბუთებელი, უკანონო და ფალსიფიცირებული, რითაც მოიპოვეს უფლება, მოახდინონ საკუთარი დარღვეული უფლებების რეაბილიტაცია სასამართლოს გზით“, -აცხადებს ადვოკატი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები