საქართველოსა და ჩეხეთს შორის მატჩზე მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

ფეხბურთში ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ საქართველოსა და ჩეხეთს შორის მატჩზე მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო.
მატჩის 70-ე წუთზე ლიბორ ჰოლიკმა ჩეხების უპირატესობა ორამდე გაზარდა, რის შემდეგაც უკმაყოფილო გულშემატკივრებმა მოედანზე ნივთების სროლა დაიწყეს. მატჩის მთავარ არბიტრს მობილური ტელეფონი მოხვდა, რამაც შეხვედრის რამდენიმეწუთიანი შეჩერება გამოიწვია.
როგორც Sportall.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით აღიძრა, რაც ხულიგნობას გულისხმობს. გამოვლენილი და დაკავებულია თუ არა უკვე დამნაშავე, ამას უწყებაში არ აკონკრეტებენ. სსკ-ის 239-ე მუხლის მიხედვით, ხულიგნობა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებრივად სასარგებლო შრომით, ვადით 120-დან 180 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ერთ წლამდე.
ჯერჯერობით უცნობია, რა სანქციები შეიძლება დააკისროს უეფამ საქართველოს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ამ თემაზე კომენტარისგან თავს იკავებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები