ეკა ბესელია სასამართლოში „ფოტოგრაფების საქმეზე“ დაიკითხება

„ფოტოგრაფების საქმე“ ჩემს საადვოკატო საქმიანობაში ერთ-ერთი დრამატული, მძიმე და ემოციური საქმე იყო“, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომელმაც დღეს საქალაქო სასამართლოში „ფოტოგრაფების საქმეზე“ ჩვენება უნდა მისცეს.
როგორც ეკა ბესელიამ სასამართლო სხდომის დაწყებამდე განაცხადა, საკუთარ ჩვენებაში ის ისაუბრებს იმ პოლიტიკურ წნეხზე, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით იყო. მისივე თქმით, იგი იმ პერიოდში გიორგი აბდალაძეს იცავდა, რომლის დაცვის უფლებაც აშკარად და უხეშად დაირღვა.
„ფოტოგრაფების საქმე“ ჩემს საადვოკატო საქმიანობაში ერთ-ერთი დრამატული, მძიმე და ემოციური საქმე იყო. მე ძალიან კარგად მახსოვს ის ურთულესი დღეები, რომელიც ამ საქმეს უკავშირდებოდა, ის პოლიტიკური წნეხი, რომელიც ხორციელდებოდა დაკავებულ ფოტორეპორტიორებზე. გიორგი აბდალაძის დაცვის უფლება ისე აშკარად და უხეშად დაირღვა, რომ ამის მტკიცება, ობიექტური გამოძიების პირობებში, არ გაჭირდებოდა. მაშინ ყველა იმ უკანონობაზე, რაც გლდანის მერვე საპყრობილეში ხდებოდა შსს-ს თანამშრომლების მხრიდან, ვაფიქსირებდი პროტესტს ოქმებში. დღეს სასამართლოს მოვუყვები იმას, რაც ვიცი ამ საქმეზე. იმ უკანონობას, რაც ხდებოდა მაშინ, მათ შორის, ვისაუბრებ უკანონო საპროცესო შეთანხმებაზე, რომელიც დაიდო და რომელსაც მე ხელი არ მოვაწერე, როდესაც აღაიარებინეს ჯაშუშობის უმძიმესი ბრალი ფოტოკორესპონდენტებს. ახლა უკვე თვალსაჩინოდ გამოჩნდა, რაზეც ვსაუბრობდი მაშინ, რომ ეს უკავშირდებოდა 26 მაისის ცნობილ მოვლენებს და დღეს უკვე ამის დამტკიცება არ იქნება რთული“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები