სეისმოლოგები საქართველოს სეისმური საშიშროების შეფასების ახალ რუკებზე მუშაობენ

ქართველი სეისმოლოგები ქვეყნის სეისმური საშიშროების შეფასების ახალ რუკებზე მუშაობენ, რომელიც შესაძლოა, ახალი სამშენებლო რეგულაციების წინაპირობა გახდეს. ამის შესახებ „დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის“ დირექტორმა, სეისმოლოგმა თეა გოდოლაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
​გოდოლაძის განმარტებით, 2 დღის წინ მომხდარი მიწისძვრა არ იყო იმ სიძლიერის, რომ მას ნგრევა გამოეწვია, თუმცა მისი თქმით, აუცილებელია ინფრასტრუქტურის განვითარებისას, სხვადასხვა მშენებლობის დროს, სამუშაო იმ საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარდეს, რა სტანდარტებიც სეისმურად არამდგრად ქვეყანას შეესაბამება.
„ დიდი ხანია, კახეთის იმ სეგმენტზე, სადაც მიწისძვრა მოხდა, იმ ტიპის მიწისძვრა არ მომხდარა, როგორიც გუშინწინ იყო. ეს იყო აზერბაიჯანის საზღვრიდან დაახლოებით ათი კილომეტრის მანძილზე. ჩვენდა სასიხარულოდ, მიწისძვრის ეპიცენტრი დაშორებული იყო დასახლებულ პუნქტებს. ეპიცენტრიდან ყველაზე ახლო დასახლებული პუნქტი 18 კილომეტრშია. მიწისძვრა იყო საშუალოდ ღრმაკერიანი, მისი სიღრმე მიწის ქვეშ დაახლოებით, 30 კილომეტრია. აქედან გამომდინარე, მისი ეფექტი დედამიწის ზედაპირზე იყო ნაკლები, ვიდრე ასეთი ტიპის მიწისძვრებს ახასიათებს ხოლმე. ეს იყო საშუალო კლასის მიწისძვრა, ის ძლიერი მიწისძვრის კლასს არ განეკუთვნება. ის შეგრძნებადია ადამიანებისთვის, მაგრამ ასეთი ტიპი მიწისძვრები საშიში არ არის ხოლმე. ძლიერი მიწისძვრის მაგნიტუდა დაახლოებით 6 ბალიდან იწყება.
ჩვენ სეისმურად ძალიან აქტიურ ზონაში ვართ. სახლიც და სხვა ინფრასტრუქტურაც უნდა შეესაბამებოდეს იმ სტანდარტებს, რა სტანდარტებითაც თანამედროვე მსოფლიო მუშაობს მსგავსი სეისმური აქტიურობის მქონე ქვეყნებში. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ დავამკვიდროთ ის სტანდარტები, რა სტანდარტებიც შეესაბამება სეისმურად არამდგრად ქვეყანას, რომ ნაკლებ მოწყვლადი იყოს გარემო მსგავსი შემთხვევების დროს. ჩვენ ვმუშაობთ ქვეყნის სეისმური საშიშროების შეფასების ახალ რუკებზე, რომელიც ახალი სამშენებლო რეგულაციების წინაპირობაა“, – განაცხადა თეა გოდოლაძემ.
​რაც შეეხება 2 წლის წინ მომხდარ ძლიერ სტიქიას, გოდოლაძის თქმით, იმის მიუხედავად, რომ საფრთხეები ვერეს ხეობაში დღემდე არსებობს, სამწუხაროდ, ხეობაში მშენებლობა ისევ ინტენსიურად გრძელდება.
​„ვერეს ხეობაში ვუყურებ სახლებს, რომლებიც დაიტბორა, დღეს შეაკეთეს და ისევ ისე დგას. ეს სახლები პრობლემაა. თაობა, რომელიც მომავალში იმ სახლებში შევა, საშიშროების წინაშე იქნება“,- აღნიშნა თეა გოდოლაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები