„ევროკავშირი ჩართულია უკრაინის კრიზისის მშვიდობიანად მოგვარებაში“

  უკრაინაში კრიზისის მშვიდობიანად მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტის ხელშეწყობაში ევროკავშირი კვლავინდებურად ჩართულია. ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ უკრაინაში ვიზიტის შემდეგ განაცხადა. შტეფან ფულემ საკუთარ ვებგვერდზე განცხადება გაავრცელა. მან აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლებასა და ოპოზიციის წევრებთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია დასრულდეს ძალადობა, ბრძოლა იმ პირთა დაუსჯელობის წინააღმდეგ, ვინც დამნაშავეა ადამიანთა უფლებების დარღვევაში.
“აუცილებელია, გაგრძელდეს დიალოგი, რათა მოიძებნოს გამოსავალი კრიზისიდან გამოსასვლელად, რომელიც ქვეყანაში მომავალში დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის. კიევში ჩემმა მოლაპარაკებებმა აჩვენა კონკრეტული ნაბიჯების აუცილებლობა, რათა ადამიანებს შორის ნდობა აღდგეს, შეჩერდეს ძალადობა და დაშინება, რომლის მეორე ეტაპიც, შექმნილი კრიზისის შეწყვეტისკენ მიმართული პოლიტიკური პროცესი იქნება”, – აღნიშნულია განცხადებაში. ევროკომისარმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს ამ პროცესში მონაწილეობას. მისივე თქმით, ამას მოწმობს უკრაინაში მომავალი კვირისთვის დაგეგმილი კეტრინ ეშტონის ვიზიტი. შტეფან ფულე კიევში უკრაინის პრეზიდენტს, ასევე ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შეხვდა. მისივე თქმით, ის მაიდანზეც იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები