სახალხო დამცველი მუშის დაღუპვის ფაქტს ეხმაურება: სამუშაო ადგილებზე დაშავებისა და გარდაცვალების მაჩვენებლები ზრდადია

საქართველოს სახალხო დამცველი მუშის დაღუპვის ფაქტს ეხმაურება. როგორც უჩა ნანუაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის განმავლობაში, ეს სამუშაო ადგილზე გარდაცვალების მეშვიდე ფაქტია.
ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ სამუშაო ადგილებზე დაშავებისა და გარდაცვალების შემთხვევებს სახელმწიფოს მხრიდან დროული და მკაცრი რეაგირება სჭირდება. მისივე განცხადებით, სახელმწიფოს ძალისხმევა მაქსიმალურად უნდა იყოს მიმართული ამ შემთხვევების პრევენციისკენ, შესაბამისი მექანიზმების, მათ შორის ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნით.
„2017 წლის 30 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, მშენებლობაზე დასაქმებული მუშა სიმაღლიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. ამავე ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240–ე მუხლით (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა).
სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული შემთხვევის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ახლობლებს. მიმდინარე წლის განმავლობაში, ეს სამუშაო ადგილზე გარდაცვალების მეშვიდე ფაქტია, რომელსაც სახალხო დამცველი საჯარო განცხადებით ეხმიანება. შემთხვევების საკმაოდ დიდი რაოდენობა მედიის მიღმა რჩება, ხოლო არსებული რეალობა კიდევ უფრო მძიმეა. ბოლო წლების მანძილზე, სამუშაო ადგილებზე დაშავებისა და გარდაცვალების მაჩვენებლები ზრდადია, რაც აშკარად მიუთითებს სახელმწიფოს მხრიდან სასწრაფო და ქმედითი ზომების გატარების აუცილებლობაზე.
აღსანიშნავია, რომ საზოგადოებას არა აქვს ინფორმაცია სამუშაო ადგილებზე დაშავებისა და გარდაცვალების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების შედეგებზე. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ფაქტი გამოძიებულ იქნეს დროულად და ეფექტურად. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მოთხოვნით, საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმით (2016–2017 წლებისთვის), ერთ–ერთ მნიშვნელოვან საქმიანობად განისაზღვრა სამუშაო ადგილებზე დაშავების და გარდაცვალების შემთხვევებზე სისხლის სამართლის გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზირება და პროაქტიული გამოქვეყნება. აღნიშნული საქმიანობის განხორციელება დაევალა საქართველოს მთავარ პროკურატურას, შესრულების ვადად განისაზღვრა 2016–2017 წლები, ინდიკატორად კი – „ინფორმაცია გამოქვეყნებულია სათანადო პერიოდულობით“. აღსანიშნავია, რომ მოცემული ინფორმაცია ამ დრომდე გამოქვეყნებული არ არის.
სამუშაო ადგილებზე დაშავებისა და გარდაცვალების შემთხვევებს სახელმწიფოს მხრიდან დროული და მკაცრი რეაგირება სჭირდება. ამავდროულად, სახელმწიფოს ძალისხმევა მაქსიმალურად უნდა იყოს მიმართული ამ შემთხვევების პრევენციისკენ, შესაბამისი მექანიზმების, მათ შორის ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნით“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები