ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან – „აქ ვითარება მართლაც დრამატულია“ (ვიდეო)

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პაოლო ალი, ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილე დელეგაციების წევრებთან და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრთან, ბექა ოდიშარიასთან ერთად სოფელ ოძისში, ადმინისტრაციულ საზღვართან იმყოფებოდა.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილე დელეგაციების წევრები ოძისში და მოსაზღვრე სოფლებში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ადმინისტრაციულ საზღვართან არსებული ვითარების ადგილზე ნახვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. პაოლო ალის განცხადებით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის თბილისში გამართვა დემონსტრირებაა იმისა, რომ ნატო ახლოსაა საქართველოსთან. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
„ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია დღეს აქ, ადმინისტრაციულ საზღვართან ყოფნა. ვნახოთ ადმინისტრაციული საზღვარი ჩვენი თვალით, ვნახოთ რა ხდება აქ – საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ნატოს საპარლამენტო ასამბლეა იმყოფება თბილისში და მართავს საგაზაფხულო სესიას, რათა მოახდინოს დემონსტრირება იმისა, რომ ნატო ძალიან ახლოსაა საქართველოსთან. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ასე რომ, დღეს ჩვენი აქ ყოფნა, ასევე სიმბოლურია ჩვენი მხრიდან. შეგვიძლია, ჩვენი თვალით ვნახოთ და შევიტყოთ იქიდან, რაც გვიამბეს, რომ ვითარება აქ მართლაც დრამატულია. გვესმის, რომ მოსახლეობას აქვს პრობლემები და ეს მიუღებელია საერთაშორისო სამართლისა და წესებისთვის. ასე რომ, ეს იქნება შესაძლებლობა ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის, დავბრუნდეთ ჩვენს ქვეყნებში და მოვუყვეთ მათ აქ არსებული მდგომარეობის შესახებ. მადლობა საქართველოს ხელისუფლებას ამ შესაძლებლობისთვის. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და მის ტერიტორიულ მთლიანობას”, – განაცხადა პაოლო ალიმ მედიასთან საუბრისას.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, ასამბლეის წევრების მიერ ადმინისტრაციული საზღვრის მონახულება მნიშვნელოვანია და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რთული გამოწვევების მიუხედავად, საქართველო აგრძელებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ სწრაფვას.
„ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებისთვის სიტუაციის ადგილზე გაცნობა ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, რომ ჩვენთან ერთად არის ასამბლეის პრეზიდენტი. გვინდა, დავანახოთ ჩვენს პარტნიორებს, თუ რა ძვირი უჯდება საქართველოს თავისი ისტორიული არჩევანი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებისკენ სწრაფვა. საპასუხოდ, რუსეთი ყოველდღიურად აძლიერებს წნეხს. პირველადი ოკუპაციის შემდეგ ის აგრძელებს ანექსიას უკვე „გრუ”- სა და „ფსბ”-ს დანაყოფების საშუალებით, უკვე ყოველდღიურად გრძელდება ადამიანებზე თავდასხმა იმ საბაბით, რომ ისინი კვეთენ ე.წ. საზღვარს. ადამიანებს ეკრძალებათ წვდომა წყალთან, ეკლესიასთან, ნათესავებთან, სასაფლაოსთან. ეს არის, პრაქტიკულად, ადამიანის უფლებების დარღვევის პოლიგონი და შესაბამისად, ამიტომ, ასეთ ღონისძიებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან, ეს ადამიანები თავისი თვალით რწმუნდებიან თუ რამდენად მყარი ვართ ჩვენს გადაწყვეტილებაში, რომ შევუერთდეთ ევროკავშირსა და ნატოს, მიუხედავად ასეთი მძიმე გამოწვევებისა”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიამ მუშაობა 26 მაისს დაიწყო. ასამბლეა ნატოს არაწევრ ქვეყნებში მეხუთედ ტარდება.
29 მაისს ასამბლეის წევრები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები