პრეზიდენტი ფარცხალაძე-თორდიას ინციდენტში “პოლიტიკურ ელფერს” ხედავს

შეიძლება ითქვას, რომ აუდიტის სამსახურის უფროსის ლაშა თორდიასა და ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ინციდენტი კრიმინალურ შემთხვევას სცდება და პოლიტიკური ელფერი შეიძინა, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის სახელით გააკეთა.
როგორც მიშველაძემ აღნიშნა, პრეზიდენტის აზრით, არსებული საკმაოდ არაორდინარული ვითარება აუდიტის სამსახურის ეფექტურ მუშაობას საფრთხეს უქმნის.
“დღეს არსებული ინფორმაციის საფუძველზე უკვე შეიძლება ითქვას, რომ ეს ინციდენტი სცდება კრიმინალურ შემთხვევას და პოლიტიკური ელფერი შეიძინა. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტმა, როგორც მაკონტროლებელმა ორგანომ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს საგამოძიებო პროცესის მიმართ. ამ გამოძიებას აქვს არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობაც, ვინაიდან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქმე სახელმწიფო უწყებების ეფექტურ ფუნქციონირებას ეხება. პრეზიდენტი, როგორც ქვეყანაში სახელმწიფო ორგანოთა ეფექტურად ფუნქციონირების გარანტი, ყურადღებით აკვირდება პროცესებს და მომავალშიც მიადევნებს თვალს მოვლენათა განვითარებას“, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.
შეგახსენებთ, რომ გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძეს თავდასხმასა და ცემაში ადანაშაულებს. ინციდენტი 12 მაისს ღამის კლუბ „ელ-ცენტროში“ მოხდა. ის მომხდარს აუდიტის სამსახურის საქმიანობას უკავშირებს. გამოძიება დაწყებულია სსკ 126-ე, ძალადობის მუხლით. თავად ოთარ ფარცხალაძე ამბობს, რომ კონფლიქტის ინიციატორი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლაშა თორდია იყო. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლაშა თორდიას და საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგები და ვიდეო გუშინ გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მისამართით ხელი პირველმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა თორდიამ მოიქნია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები