ლევან იზორია სტამბოლში თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო გამოფენას „IDEF 2017“ ესწრება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრ ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობასა და შეიარაღებას, ასევე, უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებსა და პროგრამებს გაეცნო. საერთაშორისო თავდაცვის მრეწველობის გამოფენა (IDEF) ევრაზიის რეგიონში ყველაზე დიდ თავდაცვის ინდუსტრიულ გამოფენას წარმოადგენს, ხოლო მონაწილე ქვეყნების, დელეგაციებისა და კომპანიების მხრივ, მსოფლიოს მასშტაბით, მეხუთე ადგილზეა.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ლევან იზორიამ თურქ კოლეგასთან, ფიქრი ისიკთან ორმხრივი შეხვედრაც გამართა. განსაკუთრებული ყურადღება უახლოეს მომავალში ბათუმში დაგეგმილ საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივ მინისტერიალზე გამახვილდა, რომლის დროსაც თავდაცვის მინისტრები სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს გააფორმებენ. დოკუმენტი სამხედრო სფეროში ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას ითვალისწინებს.
შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას თურქეთის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერისა და პრაქტიკული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ახლო მეგობარია. საუბარი სამხედრო განათლების კუთხით მჭიდრო თანამშრომლობასაც შეეხო. საუბრის ბოლოს კი, ლევან იზორიამ კოლეგა, თურქეთის მაღალი რანგის სხვა სტუმრებთან ერთად, ოქტომბერში, საქართველოში დაგეგმილ თავდაცვისა და უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაზე მოიწვია.
გამოფენის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, შუაი ალფაის და სახმელეთო ჯარების სარდალს, გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, არმიის გენერალ სალიჰ ზექი ჩოლოქს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები