ენგურის ხიდთან დაკავებული დარეჯან როგავა ჯარიმის საფუძველზე გათავისუფლდა
ენგურის ხიდთან დაკავებული დარეჯან როგავა ზუგდიდის სასამართლომ 250-ლარიანი ჯარიმის საფუძველზე გაათავისუფლა.
ზუგდიდის სასამართლომ როგავას საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით განიხილა, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა ელგუჯა როგავა და დარეჯან როგავა ენგურის ხიდთან მიმდინარე აქციაზე დააკავა. აქციის მონაწილეებმა გზის ჩაკეტვა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა, რასაც სამართალდამცველებსა და როგავების ოჯახს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
როგავების ოჯახი აცხადებს, რომ ხელისუფლება არანაირ ზომებს არ იღებს დაკავებულების გასათავისუფლებლად და ისინი იძულებულები არიან, პროტესტის ამ ფორმას მიმართონ.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის პაატა როგავა და 59 წლის არჩილ როგავა სოფელ რიყიდან 20 დღის წინ გაიტაცეს.