ავღანეთიდან ქართველი სამხედროების მორიგი ნაწილი დაბრუნდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის მეორე ნაკადი ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე დღეს დილით ავღანეთიდან დაბრუნდა. სამხედრო აეროდრომზე ბატალიონის პირად შემადგენლობას გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე და III ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი როლანდ კიკნაველიძე დახვდნენ.
32-ე ბატალიონი ავღანეთიდან სამშობლოში ეტაპობრივად ბრუნდება. ქართული სამშვიდობო დანაყოფის პირადმა შემადგენლობამ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია ავღანეთში, ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე შეასრულა. ქართული ბატალიონის ფუნქციას ბაგრამის საავიაციო ბაზისა და ძალთა უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენდა. სამშვიდობო მისიის ფარგლებში, ქართველმა სამხედროებმა ფარვანის პროვინციის მოსახლეობის მხარდასაჭერად, არაერთი ჰუმანიტარული ოპერაცია განახორციელეს და ხელმძღვანელობის მხრიდან მაღალი შეფასება მიიღეს.
III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი, როტაციის წესით, II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები