მთავრობას თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე შენიშვნები აქვს

მთავრობას თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც გასულ კვირას პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, შენიშვნები აქვს.
მთავრობის 17 გვერდიანი შენიშნები პარლამენტს უკვე გადაეგზავნა.
მთავრობას მიაჩნია, რომ გაუმართლებელი და მიზანშეუწონელია აკრძალვა, რომელიც ჯანმრთელობის დაცვის სფეროში გადაწყვეტილების მომზადებისა და მიღების პროცესში, თამბაქოს ინდუსტრიის მონაწილეობას ითვალისწინებს.
მთავრობა საკუთარ დასკვნაში, პროექტში ჩაწერილ ცალკეულ რეგულაციებსა და ნორმებს ”ბუნდოვანად” და ”გაუგებრად” აფასებს.
მთავრობას არ მოსწონს პროექტის ის ჩანაწერი, რომლის მიხედვით, იკრძალება თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მისი მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია და განლაგება ვიტრინებზე, ვიტრაჟებზე, დახლზე, თაროზე ან ნებისმიერი სხვა სახით იმგვარად, რომ ხილვადი იყოს ობიექტის გარედან და ასევე, ობიექტის შიგნით. ამასთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაცია საკუთარ დასკვნაში წერს, რომ აღნიშნული აკრძალვა თამბაქოს პროდუქტების განთავსებისა და რეალიზაციისთვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილებზე არ უნდა გავრცელდეს.
მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს მომხმარებლისათვის პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა.
”ხილულად განლაგების აკრძალვის შემოღება მნიშვნელოვნად დააზარალებს ობიექტებს, რომლებიც აღნიშნული პროდუქციის რეალიზებას ახორციელებენ. დაუზუსტებელი ინფორმაციით, საქართველოში დაახლოებით ასეთი 10 000 სავაჭრო წერტილია, სადაც მხოლოდ პროდუქციის განლაგებაში ყოველწლიურად დაახლოებით 35 მილიონი ლარი იხარჯება. თამბაქოს პროდუქციით საცალო ვაჭრობაში დასაქმებულთა რაოდენობა საშუალოდ 22 000 ადამიანს აღწევს”, – აღნიშნულია პარლამენტში გაგზავნილ დასკვნაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები