სიღნაღის საავადმყოფოში ერთი და იმავე სიმპტომებით საბავშვო ბაღის 11 აღსაზრდელი მოათავსეს

​სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოს საბავშვო ბაღის 11 აღსაზრდელი შპს „არქიმედეს“ სიღნაღის საავადმყოფოშია მოთავსებული. პაციენტთა ასაკი 3-დან 5 წლამდე მერყეობს. კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილის, ნანა თამაზაშვილის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში ბაღის აღსაზრდელები გუშინ მოათავსეს. მისივე თქმით, პაციენტებს თითქმის ერთი და იგივე სიმპტომები აღენიშნებოდათ, რაც ვირუსული ინფექციისთვის არის დამახასიათებელი.
„11 პაციენტიდან, მხოლოდ ერთს აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა 38, 5 გრადუსი, დანარჩენებს კი შედარებით დაბალი სიცხე ჰქონდათ. თითოეულ მათგანს გულის რევის შეგრძნება და პირღებინება აღენიშნებოდა. დღეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, სტაბილურია და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას ნანა თამაზაშვილმა.
მსგავსი სიმპტომები სიღნაღის მუნიციპალიტეტის სხვა საბავშვო ბაღშიც დაფიქსირდა. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორის განცხადებით, იმის გამო, რომ ბავშვებში საკვები პროდუქტით ინტოქსიკაცია გამორიცხულიყო, სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე, კახეთის რეგიონალური სურსათის სააგენტოს წარმომადგენლებმა საბავშვო ბაღში საკვები პროდუქტი შეამოწმეს. მაია შაიშმელაშვილი ამბობს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების მიერ შემოწმების შედეგად, ბავშვების კვებით მოწამვლა გამოირიცხა. მისივე თქმით, მოზარდების ავადმყოფობა არა საკვებს, არამედ ვირუსულ ინფექციას უკავშირდება. მაია შაიშმელაშვილის განცხადებით, ცალკეული მსგავსი შემთხვევა ბაღებში გასულ თვეშიც დაფიქსირდა.
​მომხდართან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაცია უკვე მიეწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები