პარლამენტი სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვას 11 აპრილიდან იწყებს
პარლამენტი სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშის განხილვას 11 აპრილიდან იწყებს. დღევანდელ ბრიფინგზე უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს ანგარიში წარუდგინა. 800-გვერდიანი ანგარიში სახალხო დამცველის აპარატმა პარლამენტს გადაუგზავნა.
სახალხო დამცველი 2016 წლის ანგარიშში სამართალდამცავ სისტემაში არსებულ ძირითად გამოწვევებზე საუბრობს. უჩა ნანუაშვილმა ანგარიშში ყურადღება გაამახვილა რეპრესიულ ნარკოპოლიტიკაზე, რომლის შედეგადაც ადამიანის უფლებები იზღუდება.
„მნიშვნელოვანი ყურადღება დავუთმეთ ანგარიშში რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებს და არსებული პრაქტიკის შესაცვლელად, ჩვენ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ე.წ. ქუჩის ნარკოტესტირების რეგულაციის და ნარკოდანაშაულისთვის პატიმრობის, როგორც არაჰუმანური სასჯელის კონსტიტუციურობის შემოწმების მიზნით“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველი დოკუმენტში ყურადღებას მედიაში განვითარებულ მოვლენებზეც ამახვილებს. ომბუდსმენმა “საზოგადოებრივ მაუწყებელში” და ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ში მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებობდა გარკვეული კითხვის ნიშნები.
„კრიტიკულად ვაფასებთ იმ პროცესებს, რომელიც დაიწყო “საზოგადოებრივ მაუწყებელში”, სადაც არაერთი კითხვის ნიშანი არსებობდა. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ მაქსიმალურად შეეწყობა ხელი დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის ფუნქციონირებას, მით უმეტეს, როცა ამაზე არსებობს არაერთი გადაწყვეტილება, მათ შორის საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
უჩა ნანუაშვილის ანგარიშში ერთ-ერთ საკითხად განხილულია ე.წ. ციანიდის საქმე. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული საქმის გამოძიებისას ბრალდებულის მხარის უფლებები დაირღვა.