გიორგი ტყემალაძე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის პლენარულ სესიაში მონაწილეობს

​თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ წევრი გიორგი ტყემალაძე დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის 32-ე პლენარულ სესიაში იღებს მონაწილეობას. დელეგაციას თბილისის მერი დავით ნარმანია ხელმძღვანელობს.
საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, 2017 წლის 28-30 მარტის სესიის მთავარი თემაა დეცენტრალიზებული პოლიტიკა ლტოლვილთა წარმატებული ინტეგრაციისთვის. სესიის ფარგლებში, გაიმართება დებატები და კენჭისყრა ისეთ თემებზე, როგორიცაა „ მიღებიდან ინტეგრაციამდე: ადილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების როლი მიგრაციის პირისპირ“, „ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკისა და ახალგაზრდული სამუშაოების როლი ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისთვის“, „ბრძოლა ანტიბოშათა პროპაგანდის წინააღმდეგ“ და „არჩეულ პირთა სიტუაცია თურქეთში -ფაქტების მაძიებელი მისია“.
​სესიაზე განმეორებით შეფასდება : „ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის შესრულება – მიღწევები და გამოწვევები“ – ქარტიის შედარებით ანალიზზე გაიმართება დებატები და კენჭისყრა. ასევე, გაიმართება დებატები თემაზე: „ადამიანის უფლებების განვითარება ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე“, რათა არ მოხდეს არჩევნების დროს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება. კონგრესის სესიის ფარგლებში, გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის, რეგიონალური პალატის და კონგრესის ბიუროს შეხვედრები. პლენარულ სესიაზე დაამტკიცებენ ახალ წევრებს, ასევე, დამტკიცდება კონგრესის კომიტეტების შემადგენლობა და განხილულ იქნება მომდევნო ორი წლის საბიუჯეტო რესურსი.
​შეხვედრების ფორმატში მოხსენებით გამოვა ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტორბონ იაგლანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები