„თბილისის თამბაქოს“ თანამშრომლები არასამთავრობო სექტორს და ბიზნესომბუდსმენის აპარატს მიმართავენ

„თბილისის თამბაქოს“ თანამშრომლები საჯარო მიმართვას ავრცელებენ, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„თბილისის თამბაქო” ქართული საწარმოა, რომელიც ქართულ ნედლეულზე დამზადებულ ქართულ პროდუქციას უშვებს. საწარმოში და მასთან დაკავშირებულ მეურნეობებში 700-ზე მეტი ადამიანი ვართ დასაქმებული და სამწუხაროა, რომ ხელოვნურად თავსმოხვეული პრობლემები არ გველევა. უფრო მეტიც, რაც დრო გადის, მით უფრი იზრდება უმუშევრად და ოჯახის ულუკმაპუროდ დარჩენის საფრთხე და ეს შედეგია ეროვნული წარმოებისადმი იმ უსულგულო დამოკიდებულებისა, რომელიც წლებია გრძელდება.
ჩვენი დარგი საქართველოში ოდითგან იყო განვითარებული. ცხადია, დღეს ვერ შევედრებით მსოფლიო ბრენდებს, მაგრამ ჩვენი, არცთუ მოკრძალებული სეგმენტი მყარად გვეკავა ქართულ ბაზარზე. სულ რაღაც 2013 წელს ქართული პროდუქციის წილი თამბაქოს ბაზარზე 35 პროცენტი იყო, რაც სამუშაო ადგილების შენარჩუნებისა და ჩვენი კეთილდღეობის გაუმჯობესების გარანტი იყო, მაგრამ, ფაქტია, უზნეო უცხოელი იმპორტიორების დანაშაულებრივი ქმედებებისა და მაქინაციების შედეგად, ეს წილი დღეს 6 პროცენტამდეა შემცირებული. ყველა აკრძალული ხერხისა და დაუშვებელი მეთოდის, თვითღირებულებაზე დაბალ ფასად პროდუქციის გაყიდვისა და სხვა უკანონო სქემების გამოყენებით, მათ ჩვენი საწარმო განადგურების პირას მიიყვანეს და ჩვენ ქუჩაში აღმოჩენის რეალური კანდიდატები გაგვხადეს.
ჩვენ, ამ საწარმოში დასაქმებული მუშები, თაობებია აქ ერთ ოჯახად ვცხოვრობთ და არ ვაპირებთ ჩვენი შვილების მომავალი მტაცებელი ვაიბიზნესმენების სიხარბეს შევწიროთ. განსაკუთრებით გამაღიზიანებელი იყო საერთაშორისო სავაჭრო პალატაში გაერთიანებული თამბაქოს არაკეთილსინდისიერი იმპორტიორების და მათი დამცველის, უხარისხო ბარკლების საქართველოში გამსაღებლის, ფადი ასლის მიერ ამ დღეებში გაკეთებული უტიფარი განცხადებები, რომ არ დაუშვებენ ადგილობრივმა ბიზნესმა უცხოურ ბიზნესებს თანხები გამოსძალოს.
ვინ ვის სძალავს, ვინ ვის ართმევს და ვინ ვის ავიწროებს, ეს თქვენ არ იცით ვითომ, ბატონო ასლი?! ცხადია, კარგად იცის, მაგრამ ბატონი ასლი, ამ ხმამაღალი გამოსვლებით, ცდილობს, წლების განმავლობაში მათ მიერ ქართული თამბაქოს წარმოების წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულებრივი საქმიანობის გადაფარვას. უკვე სასაცილოც აღარაა, როცა ფადი ასლი, გასტროლიორი, არაკეთილსინდისიერი გადამთიელი ბიზნესმენის კლასიკური სახე, თავს უფლებას აძლევს, დააშანტაჟოს მთავრობა, თავს დაესხას სასამართლოს და ულტიმატუმი წაუყენოს ქვეყანას. არ გვიკვირს მათგან მოსყიდული და მათთან გარიგებაში მყოფი პოლიტიკოსებისა თუ არასამთავრობოების პოზიციაც. ჩვენ ყველა მათგანს ყველგან და ყოველთვის ვამხელთ, რომ ისინი ფადი ასლის მხარდაჭერით, უარს უცხადებენ ქართულ ადგილობრივ წარმოებას, რეალური ეკონომიკის ზრდას და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას. მივმართავთ არასამთავრობო სექტორს და ბიზნესომბუდსმენის აპარატს – ჩვენთვის გაუგებარი და მიუღებელია, რომ ამ ვაიბიზნესმენების და მათი მხარდამჭერების თავგასულობაზე წლების განმავლობაში თვალს ხუჭავს საზოგადოება და ქართული წარმოების განადგურების მათი მცდელობები სათანადო რეაგირების გარეშე რჩება.
იმედს გამოვთქვამთ, რომ ომბუდსმენის აპარატი და არასამთავრობო სექტორი რეალურად შეაფასებენ შექმნილ ვითარებას, საღი რეკომენდაციებით მიმართავს ქართული, ადგილობრივი წარმოების უკანონოდ შემვიწროებლებს და საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს. ჩვენ მივესალმებით ყველა უცხოელ ინვესტორს, ვინც საქართველოში ფულს დებს, სამუშაო ადგილს ქმნის და ქვეყანას გვერდში უდგას, მაგრამ ვინც ქართულ წარმოებას ებრძვის, გვტოვებს უმუშევრად და გვიმეტებს შიმშილისთვის, მათი ადგილი საქართველოში არ არის. ჩვენ არ ვითხოვთ პრივილეგიებს, ჩვენ არ ვითხოვთ პროტექციას, ჩვენ ვითხოვთ თანაბარ პირობებს, სამართლიანობას, დაცულობას, კეთილსინდისიერ კონკურენციას და კანონის დაცვას.
ჩვენ ვეღარ დავუცდით ვერავის, დღეიდან თავად დავიცავთ საკუთარ უფლებას, გვქონდეს სამუშაო. ვქმნით საგაფიცვო კომიტეტს და ვიწყებთ კანონის ფარგლებში, აქტიურ ბრძოლას და აქციებს ჩვენი უფლებების დასაცავად. დარწმუნებული ვართ, რომ ქართული საზოგადოება გაიზიარებს ჩვენს პოზიციას და შეეწინააღმდეგება ყველას, ვინც ქართული წარმოების მტერია“, -,წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს „თბილისის თამბაქოს“ თანამშრომლები აწერენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები