რუსეთმა სირიაში იანვრის შემდეგ სამჯერ მეტი სამხედრო დაკარგა, ვიდრე ოფიციალურად განაცხადა

რუსეთმა იანვრის შემდეგ სირიაში სამჯერ მეტი სამხედრო დაკარგა, ვიდრე ოფიციალურად განაცხადა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. სააგენტოს ინფორმაციით, ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ სირიაში სინამდვილეში უფრო სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, ვიდრე ამის შესახებ კრემლი იუწყება.
„როიტერის“ ცნობით, ქალაქ პალმირასთვის ბრძოლისთვის 18 რუსი სამხედრო დაიღუპა, მაშინ, როდესაც ოფიციალურად რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 5 რუსი სამხედროს დაღუპვის შესახებ განაცხადა.
დაღუპული რუსი სამხედროების შესახებ „როიტერმა“ ინფორმაცია Conflict Intelligence Team-სგან მიიღო, რომელიც სამხედრო კონფლიქტების გამოძიებით არის დაკავებული. შემდეგ სააგენტომ ეს ინფორმაცია დაღუპულთა ნათესავებთან გადაამოწმა.
რამდენიმე დაღუპულის ახლობელმა სააგენტოს განუცხადა, რომ მათთან იმ პირებმა დარეკეს, ვინც სირიაში გასაგზავნად  მებრძოლების „დავერბოვკებით“ იყვნენ დაკავებულები, რომ მათ ჟურნალისტებს არ ესაუბრონ.
ოფიციალური ინფორმაციის მისაღებად “როიტერმა“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა. ლავროვის უწყებამ ეს შეკითხვები თავდაცვის სამინისტროს გადაუგზავნა, თუმცა იქიდან „როიტერს“ პასუხი არ მიუღია. სააგენტოს კითხვებს კრემლის პრესსამსახურსაც არ უპასუხა.
სააგენტო ასევე წერს, რომ მისი ინფორმაციით, იანვრის შემდეგ სირიაში დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობა, შესაძლოა, 18-ზე მეტიც არის, თუმცა ამ პირთა ვინაობის შესახებ არც ოფიციალური უწყებებისგან, არც ბლოგერებისგან „როიტერმა“ ჯერჯერობით ინფორმაცია ვერ მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები