სოფო კილაძე გაეროში ქალთა როლის გაძლიერებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა. ღონისძიება შეეხებოდა ქალთა ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულობის კუთხით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს და იმ როლს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს აკისრია ქალთა უფლებების გაძლიერების მიმართულებით.
„ქალთა ჩართულობის გაზრდა ეკონომიკურ საქმიანობაში ვერ იქნება მიღწეული ქალთა და მამაკაცთათვის თანასწორი შესაძლებლობების გარანტირების გარეშე. ამ პროცესში საკანონმდებლო ხელისუფლების როლი ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს პარლამენტი აქტიურად უწყობს ხელს ქალთა უფლებების უზრუნველყოფას, როგორც პოლიტიკური აქტივობის გაზრდის, ასევე, ქალთა ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულობის კუთხით”, – აღნიშნა სოფო კილაძემ.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ღონისძიებაზე აქცენტი გააკეთა იმ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებზე, რომლებიც ქალთა უფლებების გაძლიერებას ემსახურება საქართველოში. განსაკუთრებულად აღინიშნა კანონი „გენდერული თანასწორობის შესახებ”, ისევე როგორც, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო, როგორც პარლამენტის მუდმივმოქმედი ორგანო. სოფო კილაძემ ისაუბრა გენდერული თანასწორობის საბჭოს 2017 წლის სამოქმედო გეგმაზე და იმ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, რომლებიც გათვალისწინებულია სამოქმედო გეგმაში.