ნარმანია: ცამდე მართლები ვართ და საკრებულოშიც მივალთ
თბილისის მერი საკრებულოს ოპოზიციას პასუხობს. დავით ნარმანიას განცხადებით, მას კანონი არ დაურღვევია და საკრებულოში აპრილში მივა.
“საკრებულოსადმი განსაკუთრებული პატივისცემა არაერთხელ გამომიხატავს. მივსულვარ რიგგარეშეც. მივალ აპრილში, ანგარიშით. პრობლემას ვერ ვხედავ. უმცირესობას სხვა რამ ამოძრავებს, რის რეალიზაციაშიც ხელი არ შევუწყვე. შოუ ჩაიშალა. რა გზას მიმართონ, აღარ იციან. მიმართეს ორ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელთაც ჩვენც მივაწოდეთ ინფორმაცია. ვისაც დააინტერესებს, მივაწვდით. ცამდე მართლები ვართ და საკრებულოშიც მივალთ”, – ამბობს ნარმანია.
საკრებულოს ოპოზიცია სააპელაციო სასამართლოში “რუსთავი 2”-ის საქმის განმხილველი მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის ძმისთვის, ზვიად ნაზღაიძისთვის კომპენსაციის გადაცემას კორუფციად და ქრთამად აფასებს.
საკრებულოს უმრავლესობის განმარტებით, კომპენსაცია 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულმა ზვიად ჩოხელმა მიიღო და არა ზვიად ნაზღაიძემ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მათ თბილისის მერი საკრებულოში დაიბარეს, თუმცა ნარმანია არ მივიდა.