El Mundo: ტრამპის ყოფილი მრჩეველი რუსებისგან ათასობით დოლარს იღებდა
ესპანურმა გამოცემა El Mundo დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველზე მაიკლ ფლინზე სტატიას აქვეყნებს და მას რუსეთისგან უკანონოდ ფულის მიღებაში ადანაშაულებს, სტატიის სათაურია „ტრამპის ყოფილი მრჩეველი რუსებისგან ათასობით დოლარს იღებდა“.
ამასთანავე, რუსული კომპანია „კასპერსკის ლაბორატორია“ ფლინისთვის ჰონორარის სახით გარკვეული თანხის გადახდას ადასტურებს. კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მაიკლ ფლინმა ეს თანხა კიბერუსაფრთხოების საკითხებზე გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისთვის მიიღო. ესპანური გამოცემა ასევე წერს, რომ მაიკლ ფლინმა თანხები რუსული ინგლისურენოვანი ტელეკომპანია Rusia Today-განაც მიიღო, რომელიც საზღვარგარეთ კრემლის პროპაგანდის ძირითად საშუალებად ითვლება.
ცნობისთვის, მაიკლ ფლინი აშშ-ის პრეზიდენტის ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველის თანამდებობა მიმდინარე წლის 14 თებერვალს დატოვა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მედიაში აგორებული სკანდალი ფლინსა და აშშ-ში რუსეთის ელჩს შორის გამართული რამდენიმე არაოფიციალური შეხვედრის შესახებ. ამერიკული პრესის ინფორმაციით, ამ შეხვედრაზე აშშ-ის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესაძლო გაუქმების საკითხი განიხილებოდა.