შს მინისტრის ცნობით, ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, დაახლოებით  40 ადამიანია დაკავებული

მე პირობას ვდებ, რომ დაუსჯელი ნამდვილად არ დარჩება, ვინც იყო ორგანიზატორი და მონაწილე ამ ვანდალური აქტისა, –  ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი ინფორმაციით,  სპეცოპერაციის შედეგად, დაახლოებით  40 ადამიანია დაკავებული და მათი იდენტიფიცირება მიმდინარეობს.
„პოლიციის ჩარევის შედეგად  მასშტაბები ერთ ქუჩას არ გასცდენია, ადმინისტრაციული წესით დაახლოებით ორმოცამდე ადამიანი  გვყავს დაკავებული. ვინც ამ ვანდალიზმში იღებდა მონაწილეობას, მე პირობას ვდებ, რომ დაუსჯელი ნამდვილად არ დარჩება, ვინც იყო ორგანიზატორი და მონაწილე ამ ვანდალური აქტისა და აქვე მინდა გითხრათ, რომ სიტუაცია აბსოლუტურად ექვემდებარება კონტროლს, პოლიტია სრულად აკონტროლებს სიტუაციას. მსგავსი ქაოსი და ნებისმიერი სახის არეულობა საქართველოს ტერიტორიაზე ვერ მოხდება. პოლიცია არის მოწოდების სიმაღლეზე, პოლიციამ გამოიყენა ადეკვატური, პროპორციული ძალა. დაწყებულია სისხლის სამართლის გამოძიება, მიმდინარეობს პიროვნებების იდენტიფიცირება, რამდენიმე მათგანი უკვე იდენტიფიცირებულია  და ვაგრძელებთ მუშაობას.  გამოძიების შედეგებს და მიმდინარეობას, პარალელურ რეჟიმში  აუცილებლად გაცნობებთ“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
მისივე თქმით, არსებობს ვიდეო-ჩანაწერი თუ როგორ დაიწყო კონფლიქტი.
„არსებობს ამის ჩანაწერი. ეს იყო უბრალოდ მიზეზი, მე ვფიქრობ, რომ  აქ უფრო სიღრმეებშია ჩასახედი  და ჩვენ აუცილებლად ჩავიხედებით გამოძიების ფარგლებში“, – აღნიშნა მღებრიშვილმა.
ბათუმში ვითარება 11 მარტს საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა, რასაც იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, პოლიციამ აქციაზე კიდევ 4 პირი დააკავა.
აქციამ აჭარის შს სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეები პოლიციის ეზოში შეჭრას ცდილობდნენ, პოლიციელებს ქვებს უშენდნენ, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ახალგაზრდების ჯგუფმა პოლიციის რამდენიმე მანქანას ცეცხლი წაუკიდეს, დააზიანეს ინფრასტრუქტურა.
ბათუმში ამ დროისთვის სიტუაცია სტაბილურია.
ბოლო ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს აქციის დროს დაშავებულმა 34-მა პაციენტმა მიმართა, მათ შორის 15 პოლიციის თანამშრომელია.
გამოძიება დაიწყო 225-ე და 353-ე პრიმა მუხლებით, მასობრივი არეულობა და პოლიციელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა და შესაბამისად, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე და ოთხიდან შვიდ წლამდე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები