თბილისში ბავშვის ცემისთვის გასამართლებულ ძიძას 2 წლით აეკრძალა არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი საქმიანობის უფლება

​ახალშობილის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებისათვის სასამართლომ ძიძა დამნაშავედ ცნო. ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებულს სასჯელის სახედ და ზომად 7 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, რაც ჩაეთვალა პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ძიძას, დამატებითი სასჯელის სახით, 2 წლით აეკრძალა არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი საქმიანობის უფლება.
საქმე ეხება, 2016 წლის ნოემბერში მომხდარ შემთხვევას – ბრალდებულმა ძიძამ მცირეწლოვანს რამდენჯერმე ხელი დაარტყა და ბავშვზე ფიზიკურად იძალადა. ღია სასამართლო სხდომაზე, საქმის არსებითად განხილვისას, ბრალდებულმა აღიარა მის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება და ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება გახადა უდავოდ. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით, ელენე ს. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
შეგახსენებთ, რომ 2016 წელს, შს სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, 10 თვის გოგონას ცემის გამო, ძიძა – 1956 წელს დაბადებული ე.ს დააპატიმრეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, რომელიც თბილისში, ერთ-ერთ ოჯახში თვენახევრის განმავლობაში ძიძად მუშაობდა, 10 თვის ჩვილ გოგონას სცემა, რაც ბინაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირა. დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული მაშინვე აღიარა. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ცემის ფაქტზე მიმდინარეობდა (საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები