ექიმბაშების მკურნალობით მიღებული სავალალო შედეგები – ექიმები ერთდროულად 2 ბავშვის გადარჩენას ცდილობენ

მშობლების დაუდევრობა, დაგვიანებული მკურნალობა და ექიმბაშის არატრადიციული მალამოს გამოყენებით მიღებული შედეგი. 1 წლის ბავშვი, რომელსაც ექიმბაში 17 დღის განმავლობაში გაურკვეველი მალამოებით მკურნალობდა, სეპტიკო-ტოქსემიის ინფექციით დამწვრობის ცენტრში მოათავსეს.
პატარა ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მას მდუღარე წყალი გადაესხა, რის შედეგადაც მე-3 ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული.
როგორც „კვირას“ ბ. იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, პაციენტი ლაგოდეხის რაიონიდან გადმოიყვანეს.
მისივე თქმით, პატარა კლინიკის რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული.
„პატარა კლინიკაში რეანომობილით შემოიყვანეს. მას მდუღარე წყალი 17 დღის წინ გადაესხა, რის შედეგადაც გულ-მკერდის დამწვრობა მიიღო. სხეულის 12 პროცენტი აქვს დამწვარი და მე-3 ხარისხის დამწვრობა აღენიშნება. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ექიმბაშის მალამოებით  არასწორი მკურნალობის შედეგად, პატარას სეპტიკო-ტოქსემიის ინფექციაც დაემატა“, – განუცხადა „კვირას“ გუგა ქაშიბაძემ.
გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ბოლო 10 დღის განმავლობაში, მეორე შემთხვევაა, როცა მშობლების მიერ არასწორი მკურნალობის გადაწყვეტილებით, ბავშვები უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან.
“რამდენიმე დღის წინ, კლინიკაში ექიმბაშის არასწორი მკურნალობის შედეგად, ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობით, 13 წლის ბიჭი შემოიყვანეს, რომელიც ამ დრომდე ხელოვნურად მართვის სუნთქვის აპარატზეა შეერთებული და ექიმები მის გადარჩენას ვცდილობთ”, – ამბობს გუგა ქაშიბაძე.
კლინიკის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 13 წლის ბავშვს, რომელსაც სხეულის 20-პროცენტიანი დამწვრობა ჰქონდა მიღებული, მშობლების გადაწყვეტილებით, ექიმბაშის მალამოებით 6 დღე მკურნალობდნენ. რის შედეგადაც ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.
ქაშიბაძე მშობლებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ სხეულის დამწვრობის შემთხვევაში, ნუ ენდობიან ექიმბაშებს, რადგან შესაძლებელია, უფრო სავალალო შედეგი დადგეს.
მისივე თქმით, სხეულის დამწვრობას მკურნალობას ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა სრულად ანაზღაურებს. აქედან გამომდინარე, ექიმთან და სტაციონარში დროული მკურნალობის შედეგად, თავიდან იქნება აცილებული ექიმბაშის მალამოებით გამოწვეული გართულებები.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები