დედის დღეს ეროვნულმა სკრინინგ ცენტრმა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ერთობლივი აქცია გამართეს

დედის დღეს ეროვნულმა სკრინინგ ცენტრმა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ერთობლივი აქცია გამართეს და დღესასწაულის აღსანიშნავად, მეტროს მგზავრ ქალბატონებს სიმბოლური საჩუქრები, გულსაბნევი “სიბრძნის მარგალიტები” გადასცეს.
აქცია მიზნად ისახავდა დაავადებათა სკრინინგის პროგრამის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ინფორმაციის გავრცელებას იმ უფასო გამოკვლევების შესახებ, რომელსაც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სრულად აფინანსებს თბილისის მერია.
“სიბრძნის მარგალიტი” ევროპის საშვილოსნოს ყელის კიბოსთან ბრძოლის ასოციაციის ოფიციალური სიმბოლოა და 2008 წლიდან საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის საერთაშორისო კამპანიებში გამოიყენება. ეროვნული სკრინინგ ცენტრი პირველია საქართველოს იმ სამედიცინო დაწესებულებათა შორის, რომელსაც დაფუძნებიდან 1 წელიწადში ევროპის საშვილოსნოს ყელის კიბოსთან ბრძოლის ასოციაციის სპეციალური პრიზი “სიბრძნის მარგალიტი” გადაეცა, რადგან 2009 წელს, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ქართული პროგრამა სამაგალითოდ მიიჩნიეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის.
“სიბრძნის მარგალიტებთან” ერთად, ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებმა გაავრცელეს საინფორმაციო-ბეჭდური მასალა იმ უფასო გამოკვლევების შესახებ, რომელსაც დაავადებათა სკრინინგის პროგრამა თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის ითვალისწინებს. ესენია:
საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები – 25-დან 60 წლის ჩათვლით, რაც ითვალისწინებს პაპ–ტესტს; პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში, კოლპოსკოპიას (საშვილოსნოს ყელის მიკროსკოპიული გამოკვლევა); საჭიროების შემთხვევაში, კოლპოსკოპიისას ბიოფსიური მასალის აღებას და ჰისტოლოგიურ კვლევას.
ძუძუს გამოკვლევები – 40-დან 70 წლის ჩათვლით, რაც ითვალისწინებს მამოგრაფიულ გამოკვლევას, 2 პროექციაში; პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში, ძუძუს ექოსკოპიასა და გასინჯვას მამოლოგის მიერ; საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსიური მასალის აღებას და ციტოლოგიურ კვლევას.
პროსტატის გამოკვლევა – 50-დან 70 წლის ჩათვლით, რაც ითვალისწინებს სისხლში პროსტატის კიბოს ანტიგენის (PSA) გამოკვლევას.
მსხვილი ნაწლავის გამოკვლევები – 50-დან 70 წლის ჩათვლით, რაც ითვალისწინებს ფარულ სისხლდენაზე სპეციალურ ტესტს (FOBT); პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში, კოლონოსკოპიის ჩატარებას; საჭიროების შემთხვევაში, კოლონოსკოპიისას ბიოფსიური მასალის აღებას და ჰისტოლოგიუ კვლევას.
ეროვნული სკრინინგ ცენტრი და თბილისის სატრანსპორტო კომპანია კომპანია, ასეთი სახის ღონისძებებს მომავალშიც გეგმავენ“, -აცხადებენ ეროვნულ სკრინინგ ცენტრში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები