მიხეილ ჯანელიძემ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა

ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 34-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა გაეროს უმაღლეს კომისართან, ზეიდ რაად ალ-ჰუსეინთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა უმაღლეს კომისარს საქართველოს მხარდაჭერისთვის და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა უზრუნველყოფის საკითხში მისი პრინციპული პოზიციისთვის. მაღალი შეფასება მიეცა კომისრის მიერ 2016 წლის სექტემბერში ადამიანის უფლებათა საბჭოზე გაჟღერებულ მკაფიო გზავნილს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორინგის დაშვების აუცილებლობაზე. მინისტრმა უმაღლეს კომისარს ინფორმაცია მიაწოდა საქათველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის, ხაზი გაესვა ცხინვალის რეგიონისათვის სახელის გადარქმევაზე დანიშნულ ე.წ. რეფერენდუმის და აფხაზეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. გადასასვლელების ჩაკეტვისა და შემცირების საკითხს, რაც მხარეების შეფასებით, კიდევ უფრო გაართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ მდგომარეობას და ასევე, რუსეთის ფედერაციის მხრიდან წარმოადგენს საქართველოს რეგიონების მაქსიმალური იზოლაციისა და ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯს.
მინისტრმა უმაღლეს კომისარს ასევე გააცნო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკა და ომით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისკენ მიმართული ღონისძიებები. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობა.
უმაღლესმა კომისარმა, თავის მხრივ, საქართველოს მადლობა გადაუხადა ადამიანის უფლებათა საბჭოში კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის და განაცხადა რომ იგი მომავალშიც, ყველა საერთაშორისო ფორმატში განაგრძობს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს ინტერესების დაცვას. მან ასევე მაღალი შეფასება მისცა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული განვითარების პროცესში.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უმაღლესი კომისარი საქართველოში მიიწვია. ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ასევე შეხვდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს, ფილიპო გრანდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები