დავით სერგეენკო სადაზღვევო კომპანიების გამიჯვნაზე: მათ შეუძლიათ ეს საკითხი დაივიწყონ

“მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება ამ საკითხთან დაკავშირებით არ შეიცვლება და სადაზღვევო კომპანიებს შეუძლიათ ეს საკითხი დაივიწყონ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კერძო დაზღვევის მქონე პირების სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამიდან გამიჯვნის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
”2013 წელს მიღებული იყო გადაწყვეტილება, როცა კერძო დაზღვევის მონაწილეები გაემიჯნენ საყოველთაო დაზღვევის მონაწილეებს და უკვე შეიქმნა მოძველებული ბაზა. მაშინ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ სადაზღვევო კომპანიებს მთავრობისთვის უნდა წარედგინათ 2013 წლამდე არსებული ბაზები, თუმცა ეს არ მოხდა. 2013 წლის შემდეგ, უკვე შეიცვალა ძალიან ბევრი რამ. ადამიანების ნაწილმა დაკარგა კერძო დაზღვევა და ვეღარ გახდა საყოველთაო დაზღვევის მონაწილე. რეალურად, ისინი არიან დისკრიმინებული ადამიანები და ამ ყველაფრის მიზანი განუახლებელი ბაზები იყო. თუმცა არსებობდნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ კერძო დაზღვევა და გახდნენ საყოველთაო დაზღვევის მონაწილეები. შემდგომ შეიძინეს კერძო დაზღვევა და ორივე ფინანსური უზრუნველყოფა გააჩნდათ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სადაზღვევო კომპანიებს ჩვენთვის უნდა მოეწოდებინათ განახლებული ბაზები. ჩვენ მათ მივმართავდით თხოვნით, წერილობით, ყველანაირი ფორმით, თუმცა განახლებული ბაზები არ მოგვაწოდეს”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
მინისტრის თქმით, კომპანიებთან მიმდინარეობდა მუდმივი კომუნიკაცია, რომ მთავრობისთვის განახლებული ბაზები ყოფილიყო წარდგენილი. დავით სერგეენკოს განცხადებით, კომპანიები აცხადებენ, რომ ბაზების წარსადგენად მზად არიან, თუმცა სინამდვილეში, ამას არ აკეთებენ. ჯანდაცვის მინისტრი პრობლემის სათავედ სადაზღვევო კომპანიების მოგებას მიიჩნევს.
მინისტრის განმარტებით, მთავრობის დადგენილებით, სადაზღვევო კომპანიებს მიეცათ დავალება, რომ განახლებული ბაზები წარადგინონ 2017 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით და ბაზების წარდგენის ბოლო ვადა 23 თებერვალია.
სადაზღვევო ინდუსტრია მთავრობის იმ დადგენილების შეჩერებას ითხოვს, რომლითაც ხდება კერძო დაზღვეულთა სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებიდან გამიჯვნა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ,,საქართველოს სადაზღვევო ასოციაციამ” და კერძო სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები