დეპუტატის თქმით, პროკურატურის თავდაპირველ და დღევანდელ განცხადებას შორის სხვაობა არ არის

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურამ თავდაპირველად რა ინფორმაციაც გაავრცელა, იგივე გაჟღერდა დღესაც.
“სიმართლე რომ გითხრათ, კიდევ ერთხელ გავეცანი იმ განცხადებას, რომელიც თავდაპირველად ირაკლი შოთაძემ გააკეთა, პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დღეს გაკეთებულ განცხადებასა და ირაკლი შოთაძის თავდაპირველ განცხადებას შორის პრაქტიკულად განსხვავება არ არის. პროკურატურა ამბობდა, რომ განცხადების სახით შესული იყო ინფორმაცია, სადაც საუბარი იყო მაღალ იერარქიულ სასულიერო პირზე და შემდეგ ამბობს, რომ ერთ-ერთი პირის ლიკვიდაციაზეა საუბარი. პროკურატურის განცხადებით, ჩვენ ვიცით, რომ არსებობს მრავალი ვერსია, ამ საქმეზე ძალიან ინტენსიურად მიდის მუშაობა. ფაქტი ერთია, რომ ეს არის ძალიან სერიოზული დანაშაული, ისიც ვიცით, რომ თავდაპირველი ბრალი საბოლოო შედეგს და ვერსიას არ ასახავს. საბოლოო შედეგი შესაძლოა, იყოს განსხვავებული”,- აცხადებს “პირველთან” საუბარში მამუკა მდინარაძე.
ფრაქციის თავმჯდომარე მოუწოდებს ყველას, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავონ.
“ამაზრზენია ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერა და ამ თემის გამოყენებით ეკლესიაზე შეტევა. ყველას ძალიან ვთხოვ, ასეთ სენსიტიურ თემაზე შეიკავონ თავი, რომ დაბნეულობა და გაურკვევლობა არ მოხდეს. სანამ პროკურატურა განცხადებას გააკეთებდა, ერთ-ერთ ტელევიზია ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებდა. ძალიან სერიოზული დანაშაული აღიკვეთა, თუმცა გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ. დარწმუნებული ვარ, გამოძიება საბოლოოდ გაარკვევს რეალობას. წინასწარ გამოძიების შედეგზე აპელირება არასწორია”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
13 თებერვალს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მკვლელობის მომზადების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, დაკავებული იქნა დეკანოზი გიორგი მამალაძე, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლით.
მთავარი პროკურორის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ მამა გიორგი მამალაძე განმცხადებელს სთხოვდა შემჭიდროვებულ ვადებში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებას, რის სანაცვლოდაც მზად იყო გადაეხადა ფულადი თანხა, ხოლო თავის მხრივ, გაწეული დახმარებისთვის ჰპირდებოდა მომავალში გარკვეულ არამართლზომიერ სარგებელს. როგორც გაირკვა, გ. მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ მის თანმხლებ პირებთან ერთად და მას შხამიანი ნივთიერება სჭირდებოდა გამგზავრებამდე”,- აღნიშნულია 13 თებერვალს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ნათია სუხიაშვილმა დღეს განაცხადა, რომ საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩატარდა, მთავარი პროკურორის მხრიდან არ ყოფილა საუბარი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობაზე და მისთვის გაუგებარია, რაზე დაყრდნობით გააკეთეს პოლიტიკოსებმა მსგავსი განცხადებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები