სოფო კილაძე: იმედი მაქვს, რომ ევროპარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან ჩვენთვის საზიანო რეაგირებას არ გამოიწვევს

“იმედი მაქვს, რომ ევროპარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან ჩვენთვის საზიანო რეაგირებას არ გამოიწვევს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოფო კილაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობის გუნდს ამ კუთხით მოსალოდნელი შესაძლო რისკები გათვლილი აქვს.
„მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან ჩვენთვის საზიანო რეაგირებას არ გამოიწვევს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვმუშაობთ საგარეო მიმართულებით და ჩვენს გუნდს ამ კუთხით გათვლილი აქვს რისკები და შესაბამისი რეაქციის ზომები. ყოველი შემთხვევისთვის, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება ჩვენთვის ძალიან დიდი დადებითი შედეგის მომტანი და არა პირიქით“,-აღნიშნა კილაძემ.
დეპუტატი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ულოცავს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწვეტილებას.
მისივე ვარაუდით, გაზაფხულისთვის საპროცედურო საკითხები დასრულდება, რის შემდეგაც საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა ექნებათ.
„მადლობა მინდა გადავუხადო ქართულ საზოგადოებას, რადგან ეს იყო მათი დიდი სურვილი და მიზანი, რომ ჩვენ დღეს ვყოფილიყავით ამ გადაწყვეტილების მომსწრე.
ეს გადაწყვეტილება ჩვენს მოსახლეობას გაუხსნის გზას როგორც ადამიანური ურთიერთობებისთვის, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. ასევე, ძალიან კარგია განათლების მიღების მსურველი ახალგაზრდებისთვის“,-განაცხადა სოფო კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები