„საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესება სიგნალი იქნება სხვა ქვეყნებისთვისაც“ – ევროპარლამენტარები ვიზალიბერალიზაციაზე

ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. საქართველოს საკითხს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭი რამდენიმე წუთის წინ ეყარა.
მანამდე, მხარდამჭერი განცხადებები ევროპარლამენტის წევრებმა პლენარული სხდომაზე, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგულაციის განხილვისას გააკეთეს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად ესწრებოდა.
ირაკლი კობახიძეს და საპარლამენტო დელეგაციას ევროპარლამენტარები ტაშით მიეგებნენ. საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საკითხზე მომხსენებელის, მარია გაბრიელის განცხადებით, „ვიზალიბერალიზაცია ძლიერი სიგნალია ქართველებისთვის”.
როგორც სიტყვით გამომსვლისას მომხსენებელმა აღნიშნა, ვიზალიბერალიზაციით საქართველო ევროპას და ევროპულ ღირებულებებს დაუახლოვდება, რაც კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
„ჩვენი მთავარი მიზანი გახლავთ, რომ სწრაფი შედეგები დაფიქსირდეს ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოში. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიული მიდგომებისთვის. საქართველო აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რომლებიც არის აუცილებელი. საქართველომ მართლაც მნიშვნელოვანი პროგრესი დააფიქსირა ფართო და რთული რეფორმების ჭრილში, რამაც შედეგად მოიტანა ის, რომ საქართველო იზიარებს ევროპულ ფასეულობებს. ასევე მან შეიმუშავა პოლიტიკა განსაკუთრებით აღმოსავლეთ პარტნიორობის კუთხით. ქვეყანა დიდ ძალისხმევას მიმართავს, რომ მისი წვლილი შეიტანოს ევროუსაფრთხოების საკითხშიც. ევროკავშირი არის მტკიცე პარტნიორი საქართველოსი. უვიზო რეჟიმი იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი, როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. ჩვენ გავიზიარებთ ერთმანეთის კულტურას და ფასეულობებს და საფუძველს ჩავუყრით კიდევ უფრო მტკიცე თანამშრომლობას”,- განაცხადა მარია გაბრიელმა.
საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე მოსაზრებები გამოთქვეს ევროპარლამენტში არსებული პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებმა. მათი უმრავლესობა ვიზალიბერალიზაციის მომხრეა. როგორც გამოსვლებში ევროპარლამენტარებმა განმარტეს, საქართველომ სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა და ახლა დროა, სიტყვა შეასრულოს ევროკავშირმაც.
მომხსენებლების განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესება სიგნალი იქნება სხვა ქვეყნებისთვისაც. კიდევ ერთი მიზეზად, რის გამოც საქართველო ვიზალიბერალიზაციას იმსახურებს, ევროპარლამენტარებმა ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობა დაასახელეს.
მათივე თქმით, უვიზო რეჟიმი რეგიონში დემოკრატიულ განვითარებას შეუწყობს ხელს. ევროპარლამენტარ ბრონის როპეს განცხადებით, საქართველო, რომელიც მეზობლისგან დაზარალდა, ევროპული სტანდარტებით ცხოვრობს და სავიზო რეჟიმის გაუქმებას იმსახურებს, ხოლო ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსის თქმით, ის კმაყოფილი და ბედნიერია, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტებს, შეძლებენ შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას. მისივე შეფასებით, საქართველომ სამაგალითოდ შეასრულა საგზაო რუკის მოთხოვნები და ამ რეფორმებმა ქვეყანამ ევროკავშირის სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოვა.
„როდესაც ევროკომისრის რანგში პირველად თბილისში ჩავედი, ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა ევროკავშირის დროშების რაოდენობამ ქალაქში – უფრო მეტი დროშა ფრიალებს თბილისში ევროკავშირისა, ვიდრე ბრიუსელში. საქართველოს მოქალაქეებმა შეგვახსენეს, რამდენად უნიკალური მიღწევა გახლავთ ევროკავშირი მშვიდობის, ეკონომიკური ზრდის და განვითარების თვალსაზრისით”,- განაცხადა ევროკომისარმა სიტყვით გამოსვლისას. ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადებით კი, დღეიდან, ევროკავშირი პარტნიორს იძენს.
„მოხარული ვარ, რომ სესიის ბოლოს ფართე კონსესუსი არსებობს ჩვენს პალატაში, რომ ევროკავშირმა შეასრულოს დაპირება, რომელიც ქართველ ხალხს მისცა. საქართველოს მთავრობამ აქტიურად იმუშავა, რათა სამოქმედო გეგმის ყველა მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა. საქართველოს მთავრობას მაღალ შეფასებას ვაძლევ. თუ შეიქმნა პრობლემები ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, არსებობს შეჩერების მექანიზმი, რომელიც ამას მოაგვარებს. ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს. დღეს კი არ არსებობს ვიზალიბერალიზაციის დაყოვნების მიზეზი”,- განაცხადა ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა.
განხილვის დასასრულს, კოლეგებს მიმართა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საკითხზე მომხსენებელმა, მარია გაბრიელმა, რომელმაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციის მინიჭება საქართველოს ევროპული ღირებულებებისა და მისი ხელისუფლების ძალისხმევის აღიარება იქნება. რამდენიმე წუთში ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგულაციას ეყრება კენჭი. სხდომას ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო დელეგაციის წევრები დაესწრებიან. კენჭისყრას საქართველოს პარლამენტის წევრები, პირდაპირ ეთერში, პარლამენტის თბილისის სასახლეში, შოთა რუსთაველის დარბაზიდან მიადევნებენ თვალს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები