პრეზიდენტმა ტორბიორნ იაგლანდთან საკონსტიტუციო ცვლილებები და სასამართლო რეფორმის ე.წ. მესამე ტალღის მიმდინარეობა განიხილა

 საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს შეხვდა. შეხვედრისას საუბარი შეეხო საკონსტიტუციო რეფორმას, სასამართლო რეფორმის ე.წ. მესამე ტალღას, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებს. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ტორბიორნ იაგლანდმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს პრეზიდენტს ევროპის საბჭოს მხარდაჭერა საქართველოსთან თანამშრომლობასა და იმ რეფორმებთან დაკავშირებით, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს. „ყურადღება გავამახვილეთ საკონსტიტუციო პროცესზე. ვიმედოვნებთ, რომ იგი ყოვლისმომცველი და ყველასათვის მისაღები იქნება და წარმოადგენს ფართო პლატფორმას პოლიტიკური საქმიანობისა და ინსტიტუციური მშენებლობისათვის. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ მართლმსაჯულების რეფორმაზე. ძალიან კარგია, რომ ის შესაბამისობაში მოვა ევროპის საბჭოს სტანდარტებთან. ჩვენ განვიხილეთ ევროპის საბჭოს წვლილი ე.წ. ნდობის აღდგენის მექანიზმში, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება დადებითად აფასებს. ჩვენ ვფიქრობთ როგორ გავაძლიეროთ ამ მხრივ მუშაობა და როგორ შევძლოთ მუდმივი მონიტორინგის განხორციელება. ეს ძნელია, მაგრამ მჯერა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევძლოთ ადამიანის უფლებების დაცვა ევროპის საბჭოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში”, – განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა. საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოსაზრებებით დაინტერესდა. საქართველოს პრეზიდენტმა ტორბიორნ იაგლანდს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა, რის შემდეგაც აღნიშნულ საკითხებზე დისკუსია გამართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები