საქართველოში პირველად, მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონი გაიმართა

საქართველოში პირველად, მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონი გაიმართა.
ტექნოპარკში შეკრებილ დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაერთიანებულიყვნენ გუნდებად და ორი დღის განმავლობაში მათთვის საინტერესო მონაცემების ვიზუალიზაციაზე ემუშავათ.
ჰაკათონში მონაწილეობდნენ: დიზაინერები, პროგრამისტები, კომუნიკაციის სპეციალისტები, მკვლევრები და სტატისტიკოსები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მონაცემთა ვიზუალიზაციით. ისინი 3-6-კაციან გუნდებად გაერთიანდნენ და ორი დღის განმავლობაში ორგანიზატორების მიერ შეთავაზებულ, მათთვის საინტერესო მონაცემებზე მუშაობდნენ. ჰაკათონის მონაწილეებს მენტორობას უწევდნენ პროფესიონალები მონაცემების ანალიზის, კომუნიკაციისა და ვიზუალიზაციის სფეროდან.
ჰაკათონი Jumpstart Georgia-ს, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამა FLEX-ის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და „თი-ბი-სი ბანკის“ მხარდაჭერით ჩატარდა.
გამარჯვებული გუნდები სპეციალურად ჰაკათონისთვის დაკომპლექტებული ჟიურიმ გამოავლინა. თიბისი ბანკმა გამარჯვებულ 2 გუნდს (გამოცემა on.ge-ს გუნდი და საქართველოს რეგიონში მოქმედ დამოუკიდებელ მაუწყებელთა გაერთიანების გუნდი) ფულადი პრიზები გადასცა.
“ჩვენთვის ინფორმაციის ვიზუალიზაცია ერთ-ერთი კრიტიკული მიმართულებაა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მხარი დაგვეჭირა ამ პროექტისთვის. „თი-ბი-სი ბანკი“ ძალიან ხშირად კლიენტებს, პარტნიორებს, ინვესტორებს თუ საზოგადოებას ელაპარაკება „ციფრების ენით”. მონაცემების სწორი აღქმადობის ჩამოსაყალიბებლად მათი ვიზუალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, თუ ინფორმაციის გადაცემა მოხდება ვიზუალურად მაღალ დონეზე, ეს მონაცემებისა და ციფრების აღქმას გაამარტივებს და ყველასთვის ხელმისაწვდომს გახდის”, – განაცხადა „თი-ბი-სი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ქურდიანმა.
მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონში მონაწილეობის სურვილი 250-მდე ადამიანმა გამოთქვა. საბოლოოდ 100 მონაწილე აპლიკაციების საფუძველზე შეირჩა. პროექტის ფარგლებში შედგა რამდენიმე მოსამზადებელი შეხვედრაც. ჰაკათონის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე: https://vizhack.ge/ka/

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები